სიახლეები
06 ნოემბერი
2024

მობილურ ვეტერინარულ კლინიკაში მეპატრონეები სხვადასხვა სერვისს მიიღებენ

10 ნოემბერს, 11:00-დან 17:00 საათამდე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო დიდუბის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მობილურ ვეტერინარულ კლინიკაში მიუსაფარ ცხოველებს გაასტერილებს.
 
ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას ექნება, თავისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი მიუსაფარი ცხოველი აღნიშნულ მისამართზე მოიყვანოს, სადაც მას ჩაუტარდება სტერილიზაცია/კასტრაცია და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. 
 
გარდა ამისა, აღნიშნული აქტივობის ფარგლებში სააგენტო მოქალაქეებს შესთავაზებს შემდეგ სერვისებს:
- მეპატრონეებს, ადგილზე ცხოველის ჩიპირების შემთხვევაში, საშუალება ეძლევათ, ის, იქვე უფასოდ გაასტერილონ. კერძოდ, მეპატრონემ უნდა დაჩიპოს და დაირეგისტრიროს თავისი შინაური ცხოველი (რისთვისაც იხდის მხოლოდ ჩიპის თითღირებულების საფასურს - 19 ლარს) და ამის შემდგომ შეძლებს, სტერილიზაციის უფასო სერვისით ისარგებლოს. რა თქმა უნდა, ცხოველებს ჩაუტარდებათ ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაციაც. 
- ასევე, მოქალაქეებს თავიანთი ცხოველების იდენტიფიკაცია (ჩიპირება) და რეგისტრაცია შეეძლებათ სტერილიზაციის უფასო სერვისის მიღების გარეშეც. 
 
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ მომსახურებით სარგებლობისთვის აუცილებელია, წინასწარ დარეკოთ მითითებულ ნომერზე - 550 054 144 და ჩაეწეროთ. 
 
როგორც მოგეხსენებათ, მობილურ ვეტკლინიკაში საველე სტერილიზაციის პროექტი სოციალური პროექტია, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქეების თანამონაწილეობით ხორციელდება. პროექტში საზოგადოების ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კერძოდ, პროექტში ჩართულ ადამიანებს კონკრეტულ ლოკაციაზე, მობილურ ვეტკლინიკაში ცხოველები თავად მოჰყავთ, ადგილზე ელოდებიან (მაქსიმუმ 20 წუთი) და სტერილიზაცია-ვაქცინაციის შემდეგ, იბარებენ მათ. 
 
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოგმართავთ თხოვნით, მიიღეთ მონაწილეობა სტერილიზაცია-კასტრაციის პროცესში და გაასტერილეთ თქვენი ან თქვენი უბნის ბინადარი ცხოველების მობილურ ვეტკლინიკაში. 
 
აუცილებელია, რომ მეპატრონეებმა, შეთავაზებული სერვისებით სარგებლობისთვის თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. 
 
ცხოველების პატრონების საყურადღებოდ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ვალდებული ხართ მოახდინოთ თქვენი ცხოველების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია. არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას!