ისტორია

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ფუნქციონირება დაიწყო 2015 წლის 1 იანვარს. დაფუძნებისთანავე, მოცულობითი საორგანიზაციო და ტექნიკური ხასიათის ღონისძიებების პარალელურად, შემუშავდა „ცხოველთა პოპულაციების მართვის სტრატეგია“, რომელიც ეფუძნება მოწინავე ქვეყნებში არსებული ვითარების შესწავლა-ანალიზს.

სააგენტოს ეფექტური და ოპერატიული მუშაობისთვის ესაჭიროებოდა 24-საათიანი სამორიგეო ნაწილი, რომლის მეშვეობითაც მიმდინარეობს შეტყობინებების მიღება, გაიცემა კომპეტენტური პასუხები და ხორციელდება რეაგირება. საამისოდ სააგენტომ შსს-ს „112“ - ის დეპარტამენტში გადაამზადა 9 თანამშრომელი და უზრუნველყო „112“-ის ოპერატიული მართვის ცენტრთან ელექტრონული კავშირის გამართვა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს და „112“-ის დეპარტამენტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სრულყოფილად და ოპერატიულად ხორციელდება ურთიერთთანამშრომლობა და მოსახლეობის შეტყობინებებზე ეფექტური რეაგირება. 

თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარ ცხოველთა პოპულაციების მართვა-კონტროლის პრინციპების და სტანდარტების შემუშავების მიზნით, 2015 წლის მარტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდნენ დარგის ცნობილი სპეციალისტები და ექსპერტები (ბიოლოგიის, ეტოლოგიის, ვეტერინარიის, კინოლოგიის სფეროებში), ცხოველთა დამცველი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მათ განიხილეს და მოიწონეს სააგენტოს მიერ შეთავაზებული „ვეტერინარულ-სანიტარული კორდონის კონცეფცია“, ჩამოვაყალიბეთ ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც უნდა გაეთვალისწინებინა სააგენტოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი უპატრონო ძაღლების დათვლის მეთოდიკის შემუშავებისას.

2015 წლის აპრილიდან, თბილისში დაინერგა ცხოველთა რეგისტრაციისა და მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოების წესი. ამავე დადგენილებით, რეგისტრაციის ერთიანი საინფორმაციო ბანკის შევსება-ექსპლუატაციაზე უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრა სააგენტო, თუმცა რეგისტრაციის უფლებამოსილება დელეგირებულია შესაბამის კერძო სექტორზე (თავშესაფრები, ვეტერინარული დაწესებულებები, კინოლოგიური და ფელინოლოგიური კავშირები). შემუშავდა სპეციალური ნიმუშის სარეგისტრაციო მოწმობები, რომლებიც დაურიგდათ ცხოველების იდენტიფიკაციის განმახორციელებელ კერძო სუბიექტებს. გასულ პერიოდში სააგენტომ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის დამოუკიდებლად წარმოებაზე ხელშეკრულება გაუფორმა 41 ასეთ დაწესებულებას. აღნიშნულის საფუძველზე სააგენტოში ყოველთვიურად შემოდის ცხოველების საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლებიც აისახება სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზაში. ცხოველების რეგისტრაციის პოპულარიზაციის მიზნით, სააგენტომ, გაითვალისწინა რა სიძნელეები, რომლებიც შეიძლებოდა პატრონებს წარმოქმნოდათ ცხოველების ტრანსპორტირებისას, აქციის ფარგლებში დააწესა შეღავათიანი სამ-თვიანი პერიოდები, რომლის განმავლობაში შესაძლებელი გახდა ცხოველების რეგისტრაცია „სახლიდან გაუსვლელად“.

მოგვიანებით, 2015 წლის მაისში, შეიქმნა მუდმივმოქმედი საზოგადოებრივი საბჭო, დარგის ცნობილი სპეციალისტების, ცხოველთა კერძო თავშესაფრების და ცხოველთა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ცალკეული ადამიანების შემადგენლობით. საბჭო პერიოდულად იკრიბება და განიხილავს სფეროს განვითარების სტრატეგიას, მსჯელობს შესაძლო პრობლემურ საკითხებზე, სახავს სათანადო გეგმებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს.

სააგენტოს საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და საინფორმაციო-განმარტებით საქმიანობას, რომელიც მიმართულია ცხოველებთან დამოკიდებულებაში ჰუმანური და უსაფრთხო, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აპრობირებული მეთოდების დასანერგად. ამ მიზნით შემუშავდა და დამზადდა 20 500 საინფორმაციო ტრიპლეტი, რომლებიც რიგდება სააგენტოს მიერ ორგანიზებულ მასობრივ ღონისძიებებზე, ცხოველთა თავშესაფარში, ვეტერინარულ დაწესებულებებში, სკოლებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

წლის განმავლობაში სააგენტომ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები სახელმწიფო, ადგილობრივი ცხოველთა დაცვის არასამთავრობო და საერთაშორისო/უცხოურ ორგანიზაციებთან. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ სწორად დაგეგმილი და განხორციელებული მუშაობის პოზოტოური შედეგების საფუძველზე, ცნობილმა ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ „Mayhew International“ გამოთქვა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების და სააგენტოს მხარდაჭერის სურვილი. შედეგად, მუნიციპალურ თავშესაფარს საჩუქრად მათ მიერ გადაეცა სხვადასხვა ვეტერინარული და სამედიცინო აღჭურვილობა. აღნიშნული თანამშრომლობა გრძელდება და იგეგმება მნიშვნელოვანი ერთობლივი ღონისძიებები, რაც პოზიტიურად აისახება როგორც თბილისის, ისე მთელი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე.

გთხოვთ იხილოთ ბმული https://www.flickr.com/photos/181732160@N08/albums