სააგენტოს ფუნქციებსა და საქმიანობის სფეროს განსაზღვრავს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის № 17-56 დადგენილება. „წესდების“ თანახმად, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
- მოსახლეობის დაცვა ადამიანისა და სხვა ცხოველებისათვის საფრთხის (აგრესიის ან/და საშიში დაავადებების) მატარებელი ცხოველებისგან და ქვეწარმავლებისაგან, ჰუმანური წესით მათი დაჭერა და შესაბამის ადგილებში გადაყვანა, განთავსება, გაშვება ან მოკვდინება (ევთანაზია);
- ურბანულ გარემოში ბინადარი ცხოველების (სახეობების მიხედვით) პოპულაციების მართვა და კონტროლი, თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით, ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა;
- ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის გამტარობის შესაძლებლობების გათვალისწინებით, უმეთვალყურეო ცხოველების დაჭერა, ცხოველთა თავშესაფარში მათი განთავსებისა და შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით;
- ცხოველების იდენტიფიკაცია (ცხოველზე საიდენტიფიკაციო საშუალების განთავსება) მიკროჩიპირებით, ან ტატუირებით, ან საჭდით („ბირკით“) და ცხოველთა ტრანსპორტირება პოპულაციების მართვისა და სხვა ღონისძიებების უზრუნველსაყოფად;
- ცხოველების გაჩუქება, მიკედლება ან/და დაინტერესებულ პირთათვის მათი დაბრუნება, საჭიროების შემთხვევაში შემდგომში მათი მოვლა-პატრონობის პირობების კონტროლი;
- ცხოველთა უსაფრთხოების ღონისძიებათა ორგანიზება, სასტიკი და არაჰუმანური მოპყრობისაგან მათი დაცვის უზრუნველყოფა;
- ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ფუნქციონირებისათვის სათანადო პირობების (ვეტერინალური, სანიტარული, უსაფრთხოების, ტექნიკური და სხვა) უზრუნველყოფა;
- უწყებების, წარმოება-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელობის, აგრეთვე მოსახლეობის ინფორმირება ცხოველებთან მოპყრობის, მათთან ქცევისა და მოქმედების აუცილებელი წესების თაობაზე;
- კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება;
- მოქალაქეთა და დაინტერესებულ პირთა ზარებზე ეფექტური და დროული რეაგირება;
- კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების დროს შესაბამისი სამსახურების კოორდინაცია და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება;
- 24-საათიან რეჟიმში მოსახლეობის შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება და სხვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ბმული სააგენტოს დებულება , ასევე გაეცნოთ ფოტოგალერეას https://www.flickr.com/photos/181732160@N08/albums