ფასიანი მომსახურება

პატრონიანი ცხოველების ტრანსპორტირება

ტრანსპორტირება გულისხმობს, სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სპეციალური ავტოტრანსპორტით, პირის განცხადების და ამ წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც მოიცავს პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ცხოველის/ცხოველის ლეშის ტრანსპორტირებას პირის მიერ მითითებული საწყისი პუნქტიდან დანიშნულების ადგილამდე, ტრანსპორტირების მანძილის და მოლოდინის/დაყოვნების პერიოდის გათვალისწინებით;

ტრანსპორტირების მანძილის საზომად გამოიყენება 1 კილომეტრი;
მოლოდინი გულისხმობს სააგენტოსა და პირს შორის წინასწარი შეთანხმებით განსაზღვრულ, პირის მიერ მითითებულ საწყის ან შუალედურ პუნქტში ლოდინის საერთო დროს;

დაყოვნება გულისხმობს ტრანსპორტირების პროცესში წინასწარი შეთანხმების გარეშე პირის თხოვნის საფუძველზე დამატებულ დროს, რომელიც აღემატება სააგენტოსა და პირს შორის წინასწარი შეთანხმებით განსაზღვრულ პირის მიერ მითითებულ საწყის ან შუალედურ პუნქტში ლოდინის საერთო დროს.

მოლოდინის/დაყოვნების პერიოდის საზომად გამოიყენება 10 წუთი;

მოლოდინის/დაყოვნების პერიოდის ათვლა იწყება პირველი 10 წუთის გასვლის შემდეგ;

მოლოდინის/დაყოვნების დაშვებული საერთო მაქსიმალური პერიოდი შეადგენს 120 წუთს;

სააგენტოს მიერ პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ცხოველების ტრანსპორტირების საფასური შეადგენს 1 ლარს - 1 კილომეტრის მანძილზე, ამას დამატებული ტრანსპორტის ერთჯერადი დეზინფექციის საფასური - 2 ლარი

სააგენტოს მიერ პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ცხოველების ტრანსპორტირებისას მოლოდინის/დაყოვნების საფასური შეადგენს 2 ლარს - 10 წუთში.

მხოლოდ პირის განცხადების საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია მოახდინოს ცხოველის ტრანსპორტირება შუალედურ პუნქტებში, ტრანსპორტირების მარშრუტის ცვლილება (გაზრდა), ან დაბრუნება დანიშნულების ადგილიდან საწყის პუნქტში, ტრანსპორტირების მანძილის, მოლოდინის/დაყოვნების დროის გათვალისწინებით და შესაბამისი საფასურის გადახდის საფუძველზე.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე ფასიანი მომსახურების წესი.pdf

 

პატრონიანი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია

პატრონიანი ცხოველისათვის კასტრაცია-სტერილიზაციის ოპერაციის საფასური:

კასტრაცია - 60 ლარი

სტერილიზაცია - 80 ლარი

 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში რეგიონში საუკეთესო ექიმი-ვეტერინარები მუშაობენ, რომელთაც კასტრაცია-სტერილიზაციის ათასობით ოპერაცია აქვთ ჩატარებული და ასობით ცხოველი ჰყავთ გადარჩენილი.

! მოქმედი კანონმდებლობის თანახმად: ,, ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთრებაში მყოფი ნარევის (მეტისი) ჯიშის ცხოველის გამრავლების შესაძლებლობის შეწყვეტა ქირურგიული (სტერილიზაცია/კასტრაცია), ან სხვა, ცხოველისათვის უვნებელი, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული მეთოდით.“

  • ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ახორციელებს მიუსაფარი ცხოველების უფასო კასტრაცია-სტერილიზაციისა და ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაციის პროგრამას.

 

იხილეთ: სტერილიზაცია და კასტრაცია

 

პატრონიანი ცხოველების იდენტიფიკაცია

 

არაიდენტიფიცირებული ცხოველის რეგისტრაციისას პატრონი ვალდებულია, მოახდინოს მისი იდენტიფიკაცია, რაც გულისხმობს ცხოველისათვის უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას.

 

იდენტიფიკაციის საშუალებებია:

ა. ჩიპირება

ბ. ტატუირება

გ. ყურზე საჭდის მიმაგრება და ყელსაბამი

 

სააგენტოს მიერ პირის საკუთრებაში არსებული ცხოველის იდენტიფიკაციის საფასური:

 

ჩიპირება:

თავშესაფარში ან სააგენტოში - 19 ლარი

მისამართზე - 32 ლარი

ტატუირება:

თავშესაფარში - 1 ლარი

ყურზე საჭდის მიმაგრება:

თავშესაფარში - 3 ლარი

 

 

 

 

  • ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას.

 

! ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში, მისი პატრონი ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს და წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია (ცხოველის, მისი დაკარგვის დროის, ადგილის, გარემოებების შესახებ).

 

 

 

! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

 

იხილეთ: რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია