სიახლეები
13 თებერვალი
2018

თბილისის მერი ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუნიციპალურ თავშესაფარს ესტუმრა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. კახა კალაძემ თავშესაფარში არსებული ვეტერინარული ინვენტარი დაათვალიერა და თანამშრომლებისგან სააგენტოს საქმიანობაზე ინფორმაცია მოისმინა.

თბილისის მერის განცხადებით, თავშესაფარში არსებულ გაუსაძლის პირობებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ცხოველთა პოპულაციის ეფექტური მართვისა და განვითარების მიზნით კი,   სააგენტოში ახალი პროექტების განხორციელება იგეგმება.

„ბოლო დღეების განმავლობაში, აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს აქ გაუსაძლისი პირობები იყო - გავრცელებული იყო ჭირი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.   რაც შეეხება ცხოველების მონიტორინგს, რა თქმა უნდა, აქ გარკვეული ცვლილებებია დაგეგმილი. უახლოეს მომავალში, წარმოგიდგენთ ახალ ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც, რეფორმების განხორციელებას დავიწყებთ. ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, რომ ყველა ის პრობლემა მოვაგვაროთ, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ და თავშესაფრიდან მეტისის ჯიშის ლეკვი წამოიყვანა.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე მაია ბითაძე და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.