ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ქალაქ თბილისის 146-ე საჯარო სკოლაში ჩაატარა.
გაკვეთილს მე-2 კლასის მოსწავლეები, კლასის დამრიგებლებთან ერთად ესწრებოდნენ, რომლებმაც ინტერაქტიულ რეჟიმში მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
რას ნიშნავს ცხოველის კეთილდღეობა; რა უფლებები აქვს ცხოველს; მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები; რატომ უკეთიათ ძაღლებს ,,საყურე“; რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე; რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის პატრონს; როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში; ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიშები; მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები.
ბავშვებმა მიუსაფარი ცხოველების შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმებიც ნახეს და საკუთარი ცხოველების შესახებ ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს.
გაკვეთილის დასასრულს იმ მოსწავლეებს, რომლებიც განსაკუთრებულად გამოირჩეოდნენ მიუსაფარი ცხოველებისადმი მზრუნველობით, სააგენტოს წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს და სტატუსი - ,,ცხოველების მეგობარი“ მიანიჭეს. სააგენტო ამავე სკოლაში მოსწავლეების სოციალური პასუხისმგებლობის აღნიშნული ფორმით წახალისებას მომავალშიც გააგრძელებს.
საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, მოსწავლეებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.