მიკედლება

შინაურ ცხოველებთან (ძაღლი, კატა) დაკავშირებულ საკითხებს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის # 7-28 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი“.

პრაქტიკაში „წესის“ დებულებები ცხოველების „მიკედლებასთან“ დაკავშირებით სრულდება შემდეგნაირად:

 

  1. თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში მყოფი, სააგენტოს მიერ გასტერილებული უპატრონო ცხოველის მიკედლების სურვილის შემთხვევაში, პირი (ფიზიკური ან იურიდიული) წერილობითი განცხადებით მიმართავს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს (მუნიციპალურ თავშესაფარში ან სააგენტოს ოფისში), რომლის საფუძველზე სააგენტო უზრუნველყოფს „მიკედლების აქტის“ გაფორმებას და ცხოველის მიყვანას მიმკედლებლის მიერ მითითებულ მისამართზე - უსასყიდლოდ;

 

  1. ურბანულ გარემოში ბინადარი, გაუსტერილებელი, დაურეგისტრირებელი უპატრონო ცხოველის მიკედლების სურვილის შემთხვევაში, „112“-ის საშუალებით პირი მიმართავს სააგენტოს ზეპირი განცხადებით, რომლის საფუძველზე, სტერილიზაციის ოპერაციების გეგმის და რიგის შესაბამისად, ასევე პირთან წინასწარი შეთანხმებით, სააგენტო უზრუნველყოფს კონკრეტულ დღეს პირის მიერ მითითებულ მისამართზე წერილობითი განცხადების მიღებას, ცხოველის გადაყვანას თავშესაფარში, მის კვლევას, სტერილიზაციას, იდენტიფიკაციას, ანტირაბიულ ვაქცინაციას, რეგისტრაციას და რეაბილიტაციის შემდეგ - დაბრუნებას პირის მიერ მითითებულ მისამართზე - უსასყიდლოდ;

 

  1. თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მიერ გასტერილებული და ბინადრობის პირვანდელ არეალში დაბრუნებული (მიკედლების გარეშე) უპატრონო ცხოველის მიკედლების სურვილის შემთხვევაში, პირი წერილობითი განცხადებით მიმართავს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს (მუნიციპალურ თავშესაფარში ან სააგენტოს ოფისში), აწვდის სააგენტოს ინფორმაციას მისაკედლებელი ცხოველის საჭდის („ბირკის“) ნომრის შესახებ და ცხოველის ფოტოებს (ელექტრონულად), რომლის საფუძველზე სააგენტო უზრუნველყოფს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას (მიმკედლებლის რეგისტრაციას და ცხოველისთვის სტატუსის ცვლილებას) და ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემას - უსასყიდლოდ;

 

  1. სხვა ვეტერინარული დაწესებულების (მუნიციპალური თავშესაფრის გარდა) მიერ გასტერილებული და იდენტიფიცირებული ცხოველის მიკედლების სურვილის შემთხვევაში, „112“-ის საშუალებით პირი მიმართავს სააგენტოს ზეპირი განცხადებით, რომლის საფუძველზე და წინასწარი შეთანხმებით, სააგენტოს რეაგირების ჯგუფი გამოცხადდება პირის მიერ მითითებულ მისამართზე (ვეტერინარულ დაწესებულებაში ან მიკედლების ადგილზე) და ცხოველის წარმოდგენისა და მისი იდენტიფიკაციის შემდეგ, მოახდენს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას (მიმკედლებლის რეგისტრაციას და ცხოველისთვის სტატუსის ცვლილებას) და ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემას - უსასყიდლოდ.

 

დამატებით, გთხოვთ იხილოთ „წესის“ კონკრეტულ მუხლები, რომლებიც არეგულირებენ მიკედლების პროცედურებს:

 

  1. მიკედლებულია ცხოველი, რომელიც თავისუფლად ბინადრობს გარკვეულ ტერიტორიაზე და მის მეთვალყურეობას უზრუნველყოფს მიმკედლებელი (წესის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტი);
  2. ცხოველის მიმკედლებელია გარკვეულ ტერიტორიაზე თავისუფლად ბინადარი ცხოველის მეთვალყურე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც უფლებამოსილ ორგანოში ცხოველის რეგისტრაციის მომენტიდან აქვს აღებული ვალდებულება ცხოველის ვეტერინარული მომსახურების განხორციელებისა და კვება-დაწყურვების უზრუნველყოფაზე, ასევე მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებით დაინტერესებული პირისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემაზე (წესის მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტი);
  3. ცხოველის რეგისტრაცია ნიშნავს ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართვის საფუძველზე, უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი ვეტერინარული, კინოლოგიური, ფელინოლოგიური დაწესებულების ან ცხოველთა თავშესაფრის მიერ ცხოველის რეგისტრაციას (აღრიცხვას), წესით დადგენილი ცხოველთა კლასიფიკაციის შესაბამისად (წესის მე-2 მუხლის „რ“ პუნქტი);
  4. უფლებამოსილი ორგანო არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, რომლის კომპეტენციას წარმოადგენს ქალაქ თბილისში ცხოველების მონიტორინგი და პოპულაციების მართვა-კონტროლის ორგანიზება, კანონმდებლობისა და წესის შესაბამისად წესის მე-2 მუხლის „უ“ პუნქტი);
  5. მიკედლებულის სტატუსი ენიჭება ცხოველს, შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართვის საფუძველზე, უფლებამოსილი ორგანოს მიერ ცხოველის ამგვარად რეგისტრაციის მომენტიდან (წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი);
  6. პატრონი ან მიმკედლებელი ვალდებულია მოახდინოს ცხოველის რეგისტრაცია, რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობიდან ერთი თვის ვადაში (წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი);
  7. რეგისტრაციას, ცხოველისთვის მიკედლებულის სტატუსის მინიჭების მიზნით, შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართვის საფუძველზე, ახორციელებს მხოლოდ უფლებამოსილი ორგანო (წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი);
  8. რეგისტრაციას, ცხოველის მიკედლების ფაქტის დადგენის მიზნით, ექვემდებარება მიმკედლებლის ფაქტიური მეთვალყურეობის ქვეშ არსებული არარეგისტრირებული ცხოველი, წესის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში (2015 წლის 8 ოქტომბრამდე) (წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი);
  9. საკონტროლო რეგისტრაციას ყოველწლიურად (ბოლო საკონტროლო რეგისტრაციის მომენტიდან 12 თვის განმავლობაში) ექვემდებარება საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული ან მიკედლებული ყველა რეგისტრირებული ცხოველი (წესის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი).

„წესი“ სრულად სანახავად იხილეთ ბმული ცხოველების_(ძაღლი,_კატა) მოვლა-პატრონობის_და_მათი_პოპულაციების_მართვის_წესი.pdf