სიახლეები
16 ივნისი
2022

იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია

შინაური ცხოველის მეპატრონე ვალდებულია, უზრუნველყოს მის საკუთრებაში მყოფი შინაური ცხოველის (ძაღლი, კატა) იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია.
გარდა კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებისა, ცხოველის იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია მნიშვნელოვანია თავად ცხოველისთვისაც.
 
საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ყოველი სამი შინაური ცხოველიდან, ერთი მათგანი იკარგება, მისი სიცოცხლის განმავლობაში.
იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული ცხოველის პოვნის ალბათობა კი გაცილებით მაღალია. რატომ? გავყვეთ თანმიმდევრობით.
 
რას ნიშნავს იდენტიფიკაცია?
იდენტიფიკაცია ნიშნავს ცხოველის იდენტიფიცირებას სამი სხვადასხვა საშუალებით.
იდენტიფიკაციის საშუალებებია:
ა) ჩიპირება, რომლის დროს ხდება ცხოველის კანქვეშ მიკროჩიპის მოთავსება.
ბ) ტატუირება
გ) ყურზე საჭდისა და ამასთანავე, ყელსაბამის გაკეთება.
 
რა არის მიკროჩიპი და რატომ არის მნიშვნელოვანი ჩიპირება?
მიკროჩიპი არის, დაახლოებით, ბრინჯის მარცვლის ზომის მოწყობილობა, რომელიც შეიცავს უნიკალურ ნომერს. ჩიპირების შემდეგ, ცხოველს ექნება საკუთარი უნიკალური ნომერი, რაც დაკარგვის შემთხვევაში, მისი იდენტიფიცირებისა და პატრონთან დაბრუნების შესაძლებლობას იძლევა.
უფრო კონკრეტულად, როდესაც მოქალაქეები ქუჩაში, სავარაუდოდ, დაკარგულ ცხოველ ნახულობენ, ატყობინებენ სააგენტოს. ადგილზე მისული სააგენტოს თანამშრომელი, პირველ რიგში, ცდილობს ცხოველის იდენტიფიკაციას. ის სპეციალური სკანერის მეშვეობით, იწყებს მიკროჩიპის ძებნას. თუ ცხოველი ჩიპირებულია, თანამშრომელი მარტივად ადგენს ცხოველის მეპატრონის ვინაობას და უკავშირდება მას.
 
რა ღირს ცხოველის იდენტიფიცირება?
სააგენტოს მიერ, პირის საკუთრებაში მყოფი ცხოველის იდენტიფიკაციის საფასური:
▪️ ჩიპირება: სააგენტოში ან თავშესაფარში - 19 ლარი, მისამართზე - 32 ლარი.
▪️ ტატუირება: თავშესაფარში - 1 ლარი
▪️ ყურზე საჭდის მიმაგრება - თავშესაფარში - 3 ლარი
 
რას გულისხმობს რეგისტრაცია?
იდენტიფიკაციის პარალელურად უნდა მოხდეს ცხოველის რეგისტრაცია, რა დროსაც გადმოგეცემათ ცხოველის სარეგისტრაციო მოწმობა.
მოწმობაში შეყვანილია ცხოველის ინდივიდუალური ნომერი და პატრონის შესახებ მონაცემები.
ეს არის ოფიციალურად დადასტურებული საბუთი იმის, რომ თქვენ ცხოველის მეპატრონე ხართ.
 
ამის პარალელურად, პროცედურა გულისხმობს, ცხოველის ინდივიდუალური ნომრისა და მისი მეპატრონის შესახებ ინფორმაციის სპეციალურ მონაცემთა ბაზაში შეყვანას.
თუ თქვენ ცხოველის რეგისტრაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განახორციელებთ, ცხოველის შესახებ მონაცემებს სააგენტოს თანამშრომელი მონაცემთა ბაზაში თავად შეიყვანს. ხოლო, თუ ცხოველს ვეტერინარულ კლინიკაში დაარეგისტრირებთ, მაშინ კლინიკა ვალდებულია, რომ აღნიშნული ინფორმაცია სააგენტოში გადმოაგზავნოს, რათა ის მონაცემთა ბაზაში მოხვდეს.
თუ თქვენი ცხოველი უკვე იდენტიფიცირებულია და არ არის რეგისტრირებული, არ ფლობთ მის სარეგისტრაციო მოწმობას, გთხოვთ, ცხოველთან ერთად მობრძანდით სააგენტოში, სადაც სკანერის საშუალებით მოხდება მიკროჩიპის ამოკითხვა. შემდეგ სააგენტოს თანამშრომელი შეგივსებთ და გადმოგცემთ სარეგისტრაციო მოწმობას. ცხოველის რეგისტრაცია უფასოა.
 
ვის უნდა მივმართო ცხოველის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციისთვის?
თქვენ მიერ აყვანილი ძაღლის ან კატის იდენტიფიკაციასა და რეგისტრაციისათვის საჭიროა, ცხოველთან ერთად, არაუმეტეს ერთი თვის ვადაში, მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს (მისამართი: კ.მარჯანიშვილის 89/24, ტელ: 032 2 421 424) ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას. შემდეგ კი ყოველწლიურად გაატაროთ საკონტროლო რეგისტრაცია.
რეგისტრაციისას თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
 
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N7-28 დადგენილების მიხედვით, არარეგისტრირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
 
ცხოველების მეპატრონეების ვალდებულებების შესახებ სრულად იხილეთ - ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 2015 წლის 6 აპრილის N7-28 დადგენილება.
 
არარეგისტრირებული ცხოველის ყოლის შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით.
როგორ უნდა მოვიქცე ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში?
რა ხდება მაშინ, თუ დავკარგე ცხოველი და ამის შესახებ არ განვაცხადე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში? 
იხილეთ, ხშირად დასმული კითხვები: http://ama.gov.ge/page/301