2022 წლის ანგარიშის წარდგენა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა დედაქალაქის საკრებულოში სააგენტოს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და 2023 წლისთვის დაგეგმილ ცვლილებებსა და პროექტებზე ისაუბრა.
კობიაშვილმა სააგენტოს ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ სტატისტიკური მონაცემები წარადგინა.
2022 წელს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მნიშვნელოვნი ღონისძიებები განახორციელა როგორც მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის, ასევე, მოსახლეობისა და კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობისათვის. მათ შორის, გაიზარდა შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირებების, სამაშველო ოპერაციების, ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაციების რაოდენობა.
• სააგენტომ რეაგირება მოახდინა 15 200-მდე შეტყობინებაზე
• ოპერატიული რეაგირების ეკიპაჟებმა თავშესაფარში 10 200-მდე ცხოველი გადაიყვანეს
• თავშესაფარში ექიმმა-ვეტერინარებმა სტერილიზაცია/კასტრაციის 5 700-მდე ოპერაცია ჩაატარეს
• სააგენტოს მაშველებმა 430-ზე მეტი ცხოველი გადაარჩინეს
• თავშესაფარში 1500-ზე მეტ ტრავმირებულ ცხოველს პირველადი ან ქირურგიული დახმარება აღმოუჩინეს
• ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია 7900-ზე მეტ ცხოველს ჩაუტარდა
• მუნიციპალური თავშესაფრიდან 720-მდე ცხოველი გაჩუქდა
• მიკედლებულის სტატუსით 1900-ზე მეტი ცხოველი გავიდა
• 132 დაკარგული ცხოველი პატრონს დაუბრუნდა
• სააგენტომ შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის მონიტორინგი დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა პარკსა და სკვერში განახორციელა
• ოპერატიული რეაგირების ეკიპაჟებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 400-ზე მეტი შემთხვევა გამოავლინეს
• სააგენტომ დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მისამართზე მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლები განათავსა
• სააგენტოს წარმომადგენლებმა დედაქალაქის სკოლებში კომპანიონი ცხოველების შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები ჩაატარეს
• სააგენტომ პატრონების მიერ თავშესაფარში ჩაბარებული და მიუსაფარი ცხოველების გაჩუქების აქციები გამართა.
სააგენტოს დირექტორმა 2023 წელს დაგეგმილ პროექტებსა და ღონისძიებებზე ისაუბრა. როგორც გიორგი კობიაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელს დაგეგმილია სააგენტოს საქმიანობის ყველა მიმართულებით გაძლიერება, მათ შორის, სტერილიზაციის ოპერაციების რაოდენობის ზრდა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების გამკაცრება. ასევე, მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის დადგენის მიზნით კვლევის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც სააგენტო საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ითანამშრომლებს.
,,სააგენტო კიდევ უფრო გააძლიერებს მუშაობას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვა და პატრონიანი ცხოველების რეგისტრაცია-სტერილიზაცია. ეს არის ურთიერთდაკავშირებული საკითხები, რომლებიც იწვევს ქუჩის ბინადარი ცხოველების სიმრავლეს.
დღეს მიუსაფარი ცხოველების სიმრავლის წყარო არის პატრონების მიერ ქუჩაში დატოვებული ცხოველები ან/და მათი ნაყარი. ასევე, რეგიონებიდან შემოსული ცხოველები და ბიზნეს სუბიექტების მიერ გამრავლებული ცხოველები. სააგენტო ერთი მხირივ, მაქსიმალურად გაზრდის უკვე ქუჩაში მოხვედრილი ცხოველების სტერილიზაციის რიცხვს და მეორე მხრივ, ყველა შესაძლო ბერკეტის გამოყენებით გაატარებს პრევენციულ ღონისძიებებს დასახელებული წყაროების შესაზღუდად,“ - აღნიშნა გიორგი კობიაშვილმა.
ანგარიშის წარდგენას საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.