სამუშაო შეხვედრა ქალაქ თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ არაგველი, ქალაქ რუსთავის ცხოველთა მონიტორინგის ცენტრის დირექტორს გრიგოლ ხაჩიძეს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე ნიკოლოზ არაგველმა სტუმრებს, დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვასთან დაკავშირებით, სააგენტოს გამოცდილება გაუზიარა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებსა და ღონისძიებებზე ისაუბრა. ასევე, მან ყურადღება გაამახვილა კასტრაცია-სტერილიზაციის პროცედურების ეფექტიანი დაგეგმვისა და პატრონიანი ცხოველების რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის მნიშვნელობაზეც.
გარდა ამისა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომლებიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მეპატრონეებისათვის სხვადასხვა მნიშვნელოვან მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად.
კერძოდ, განიხილეს პროგრამა „კარდაკარ“, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს თანამშრომლები პატრონიანი ცხოველების მონიტორინგს ადგილზე ახორციელებენ და, ასევე, მათ სთავაზობენ სხვადასხვა მნიშვნელოვან სერვისს. ამასთანავე, აღსანიშნავია „მობილური ვეტკლინიკის პროექტიც”, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებისათვის შეთავაზებულია სტერილიზაცია-კასტრაციისა და ვაქცინაციის სერვისები.