4 აპრილი მიუსაფარ ცხოველთა მსოფლიო დღეა
4 აპრილი მიუსაფარ ცხოველთა მსოფლიო დღეა.
ეს დღე 2010 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქუჩის ცხოველების შესახებ, რომელთა ყოველდღიური ყოფა რთული და სევდიანია. მათ ცხოვრებას ჩვენ მიერ გამოხატული მზრუნველობა ამსუბუქებს, რაზეც ისინი უპირობო სიყვარულითა და ერთგულებით გვპასუხობენ.
მიუსაფარი ცხოველების მდგომარეობა ჩვენი, ადამიანების დაუდევრობით გამოწვეული მოცემულობაა და ახლა ჩვენი ვალია, ავიღოთ პასუხისმგებლობა ვიზრუნოთ, ერთი მხრივ, მათთვის ყოველდღიური მძიმე პირობების შემსუბუქებაზე და მეორე მხრივ, არ შევუწყოთ ხელი უკვე არსებული პოპულაციის გამრავლებას. ამისათვის მნიშვნელოვანია:
• დაარეგისტრიროთ და გაასტერილოთ თქვენი ცხოველები;
• არ მიატოვოთ სიბერის ან სხვადასხვა პრობლემის გამო;
• არ დატოვოთ ქუჩაში თქვენი ცხოველების ლეკვები და კნუტები;
• ცხოველის აიყვანის მსურველებმა, მხოლოდ გაცნობიერებული გადაწყვეტილების საფუძველზე, აიყვანოთ ის ქუჩიდან ან თავშესაფრიდან.
თავის მხრივ, სააგენტო უკვე არსებულ პოპულაციას ყოველწლიურად მზარდი ტემპით ასტერილებს. ამისათვის უკვე არსებულ თავშესაფარს დაემატა დედაქალაქში მოსიარულე ვეტკლინიკა და უახლოეს პერიოდში ასევე დაემატება პოპულაციების მართვის ახალი ცენტრი. გარდა ამისა, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს კერძო ვეტერინარულ კლინიკებთან და მათი ჩართულობით სტერილიზაციის ერთობლივ პროექტებს ახორციელებს.
სააგენტო ასევე არაერთ ღონისძიებას ახორციელებს მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად, მათ შორის:
• მიუსაფარი ცხოველებისთვის თბილისის მასშტაბით დგამს სახლებს;
• ბიზნესის თანამონაწილეობით სოციალურ კამპანიებს ახორციელებს;
• განსაცდელში მყოფი ცხოველების გადასარჩენად სამაშველო ოპერაციებს ატარებს;
• საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს;
• მუნიციპალური თავშესაფარიდან ყოველწლიურად ასობით ცხოველს აბინავებს;
• ბავშვებში ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ხელშეწყობისთვის სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის გაკვეთილებს ატარებს და სხვა.
ეს დღე ყველაზე კარგი შესაძლებლობაა, მადლობა გადავუხადოთ მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველ მოქალაქეებს მათი ყოველდღიური ფასდაუდებელი შრომისთვის და სააგენტოსთან თანამშრომლობისთვის, რათა ეტაპობრივად მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, როდესაც ქუჩებში გატანჯული ცხოველები აღარ იქნებიან.