მიუსაფარი კატების სტერილიზაციის პროექტი
ვეტერინარული კლინიკა „ვეტ ჰაუსი“, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მიუსაფარი კატების სტერილიზაციის პროექტს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, კლინიკა, სააგენტოს მიერ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე, მიუსაფარი კატების სტერილიზაცია-კასტრაციას უსასყიდლოდ ატარებს. ოპერაციის შემდეგ, ფისოებს ანტირაბიული ვაქცინაცია უტარდებათ და მათზე მზრუნველ ადამიანებს უბრუნდებიან.
მხარეების ურთიერთთანამშრომლობის მიზანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის გაერთიანება მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის ჰუმანური გზით შემცირებისთვის.
სააგენტო მადლობას უხდის ვეტერინარულ კლინიკა ,,ვეტ ჰაუსს“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისთვის და გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს კერძო სექტორთან მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.