სიახლეები
08 ოქტომბერი
2026

საინფორმაციო დაფები ისნის რაიონში განთავსდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ საინფორმაციო დაფები ამჯერად ისნის რაიონის პარკებსა და სკვერებში განათავსა. მათზე მოცემულია ინფორმაცია ძაღლების გასეირნებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მათი გადაადგილების წესების შესახებ.
აღნიშნული აქტივობა ისნის რაიონის გამგეობის ჩართულობით განხორციელდა. მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ძაღლების გასეირნების წესის დაცვის ხელშეწყობა და სამართალდარღვევების პრევენცია.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103² მუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, ბულვარში, პარკსა და სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე გასეირნება 150 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.
ამავე ნორმის თანახმად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შინაურ ცხოველთან ერთად მგზავრობა დაუშვებელია საბლის ან ალიკაპის გარეშე, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის გადაყვანა დასაშვებია ხელში აყვანით ან სპეციალური სატარებელი კონტეინერის გამოყენებით.
აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, 150-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.