მიუსაფარ ცხოველებს ანტირაბიული ვაქცინაცია ჩაუტარდათ
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, მიუსაფარი ცხოველების ანტირაბიულ ვაქცინაციას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს.
დედაქალაქში ბუფერული ზონების შექმნის მიზნით, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამჯერად ვაზისუბნის IV მიკრორაიონის ბინადარ მიუსაფარ და პატორნიან ცხოველებს ჩაუტარდათ.
ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ხდება.
მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაციას სახელმწიფო ახორციელებს, ხოლო პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, თავად უზრუნველყოს ცხოველის ყოველწლიური აცრის ჩატარება.
შეგახსენებთ, რომ 28 სექტემბერს, ცოფის ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების ანტირაბიულ (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას დედაქალაქის მასშტაბით 4 მისამართზე ჩაატარებს.
ღონისძიების ფარგლებში, ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ცხოველებს (ძაღლი/კატა) ანტირაბიული აცრა უფასოდ ჩაუტარონ.
სააგენტოს ავტომობილი მისამართებზე განრიგის მიხედვით მივა და ოთხფეხა პაციენტებს ერთი საათის განმავლობაში მოემსახურება.
10:00-11:00 სთ - ვარკეთილი, გ. აბაშვილის N20-თან მდებარე პარკი (სავარჯიშო სივრცის მიმდებარედ)
12:00-13:00 სთ - რიყის პარკი (ხიდზე ასასვლელთან)
14:00-15:00 სთ - დედაენის ბაღი (სკეიტ პარკის მიმდებარედ)
16:00-17:00 სთ - დიდი დიღომი, მირიან მეფის N39-თან მდებარე პარკი (ძაღლების სასეირნო სივრცესთან)
ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით მოხდება.
მიუსაფარი ცხოველების ბოლო ვაქცინაციის ზუსტი თარიღის დადგენის მიზნით, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ სააგენტოს ცხელ ხაზზე - 032 2 421 424 (ან მოგვწეროთ სოციალური ქსელის საშუალებით) და ამის შემდეგ მოიყვანოთ ცხოველები ვაქცინაციის ჩასატარებლად თქვენთვის ხელსაყრელ მისამართზე.
ანტირაბიული ვაქცინაცია და შემდეგ ყოველწლიური რევაქცინაცია, როგორც ძაღლებისა და კატებისათვის ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისათვის, ასევე, ვირუსის პრევენციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მის მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა წარმოადგენს.