სიახლეები
29 მაისი
2019

შინაური ცხოველების გაჩუქების აქცია

1-ელ ივნისს თბილისის ზოოპარკში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თავშესაფრის ბინადარი შინაური ცხოველების გაჩუქების აქციას გამართავს.

ბავშვობაში რამდენ ჩვენგანს უოცნებია, რომ ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენთვის საჩუქრად საყვარელი შინაური ცხოველი მოეყვანათ?

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, მშობლებს საშუალება ექნებათ, შვილებს ნატვრა აუსრულონ და ოთხფეხა მეგობარი აჩუქონ. 

ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ბინადრები მომავალ პატრონს ზოოპარკში, 12:00 საათიდან დაელოდებიან.

აქციის ფარგლებში, მიუსაფარი და დაკარგული ძაღლები და კატები გაჩუქდებიან.

შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა და მათზე მზრუნველობა პოზიტიურ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე, მცირეწლოვან ასაკში სამყაროს შემეცნებასა და ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბებაზე.