რეპელენტით ტერიტორიის დამუშავება

1. რეპელენტით ტერიტორიის დამუშავება ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, სპეციალური აღჭურვილობით და პრეპარატებით, პირის განცხადებისა და ამ წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც მოიცავს:

ა) ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების და სათავსოების დათვალიერება-შესწავლას;

ბ) ჩასატარებელი სამუშაოების შინაარსის, სახეობების, მოცულობის და გრაფიკის განსაზღვრას, გეგმის შედგენას და მის შეთანხმებას პირთან;

გ) ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატებით, დამაფრთხობელებით და სხვა ქმედებებით ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების და სათავსოების დამუშავებას;

დ) დამუშავების პროცესში დაფიქსირებული ქვეწარმავლების დაჭერას.

2. დაჭერას ექვემდებარებიან მხოლოდ ის ქვეწარმავლები, რომელთა დაჭერა სცილდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველთა სავალდებულო დაჭერის საფუძვლებს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გეგმის შედგენის პროცესში, აუცილებელია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტისგან (შემდგომში - ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტი) მიღებული ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზის გათვალისწინება.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შედეგად დგინდება ჩასატარებელი სამუშაოების შესაბამისი კატეგორია:

ა) „პირველი კატეგორია“, რაც ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატებით, სასხურებელი აპარატის საშუალებით, წერტილოვანი ან ხაზობრივი დასხურების მეთოდით, პრეპარატის შესხურებას წვრილი ჭავლით ან გამაფრქვევლით, დასაცავი ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების და სათავსოების გარშემო, წინასწარ განსაზღვრულ პერიმეტრზე;

ბ) „მეორე კატეგორია“, რაც ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებას შენობა-ნაგებობებში და მათ სარდაფებში, სხვენებზე, საწყობებში, სხვა, სამეურნეო და დამხმარე დანიშნულების ნაგებობებში;

გ) „მესამე კატეგორია“, რაც ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებამდე, წინასწარ, დასამუშავებელ ტერიტორიაზე ბალახის საფარის დადაბლების, ბუჩქების გაკაფვის, სპეციალური პრეპარატების გამოყენებით სოროების ამოქოლვის ღონისძიებების ჩატარებას, ამ ღონისძიებების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისგან (ბალახის, ბუჩქების და სხვა) ტერიტორიის დასუფთავების გარეშე;

დ) „მეოთხე კატეგორია“, რაც ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებას, ამ ღონისძიებების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისგან (ბალახის, ბუჩქების და სხვა) ტერიტორიის დასუფთავებით.

5. სააგენტო არ აგებს პასუხს ამ მუხლის საფუძველზე გაწეული მომსახურების შედეგებზე, თუ ამ მომსახურების მიწოდების პროცესში ან მომსახურების მიწოდების შემდგომ სამი დღის განმავლობაში შეიცვალა ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დადგენილი ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზის პარამეტრები და ტერიტორიაზე ატმოსფერული ნალექის შედეგად შესუსტდა ან სრულად განეიტრალდა ჩატარებული ღონისძიებების ეფექტი.

6. სააგენტოს მიერ, რეპელენტით ტერიტორიის დამუშავების საფასური, სამუშაოების კატეგორიების მიხედვით, ერთი კვადრატული მეტრის ფართობზე განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) პირველი კატეგორიის სამუშაოები - 0,5 ლარი;

ბ) მეორე კატეგორიის სამუშაოები - 1,0 ლარი;

გ) მესამე კატეგორიის სამუშაოები - 1,5 ლარი;

დ) მეოთხე კატეგორიის სამუშაოები - 2,0 ლარი.

7. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მიზნებისთვის ქვეწარმავლების დაჭერის საფასური შეადგენს 20 ლარს ერთ დაჭერილ ქვეწარმავალზე.

8. სააგენტოს მიერ, ამ მუხლის მიზნებისთვის „მიმდინარე და სამი მომდევნო დღის ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზის“ საფასური დგინდება ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის მიერ.

9. სააგენტოს მიერ ერთი პირის საერთო ტერიტორიის რეპელენტით დამუშავების მომსახურების საერთო საფასური შედგება:

ა) საერთო ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილებში სამუშაოების კატეგორიების შესაბამისად შესრულებული ცალკეული სამუშაოების საფასურის ჯამისგან;

ბ) დაჭერილი ქვეწარმავლების რაოდენობის მიხედვით, რეპელენტით დამუშავებულ საერთო ტერიტორიაზე ქვეწარმავლების დაჭერის საფასურისგან;

გ) „მიმდინარე და სამი მომდევნო დღის ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზის“ საფასურისგან.

ფასიანი მომსახურების წესი.pdf