სიახლეები
27 აგვისტო
2020

თბილისში მიუსაფარი ძაღლებისთვის კიდევ ორი კვების აპარატი დაიდგა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ვარკეთილი 3-ის, მესამე ა მიკრორაიონში ე. თაყაიშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული სკვერსა და ნაძალადევის რაიონში მდებარე კიკვიძის პარკში მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი კვების აპარატები დადგა.

კიკვიძის პარკში სააგენტომ საკვები აპარატი გარკვეული პერიოდის წინ დადგა, თუმცა პარკის რეაბილიტაციის გამო, ის გოძიაშვილის სახელობის პარკში გადაიტანეს.

აპარატების მუშაობას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ნიკოლოზ ქობულაძე სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად როგორც ვარკეთილში, ასევე ნაძალადევში ადგილზე გაეცნო.

კვების აპარატში პლასტმასის 0,5-ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისთვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპენსერში წყლის ჩასხმის შემდეგ, ცხოველებს დაწყურების საშუალება მიეცემათ. კვების აპარატი რეციკლირების პროცესს უწყობს ხელს და მუშაობისთვის მზის ენერგიას იყენებს. მიუსაფარი ძაღლების გამოკვების გარდა, აღნიშნული პროექტი ნარჩენების გადამუშავებასაც ემსახურება.

აპარატების დადგმის ინიციატივა პროექტის - „შენი იდეა ქალაქის მერს“ ერთ-ერთ გამარჯვებულს, გიორგი ხავთასს ეკუთვნის. იდეა თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ განახორციელა.

საკვები აპარატების მუშაობას სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, თაყაიშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებულ სკვერში სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი დოხტურიშვილი, სამგორის რაიონის გამგებელის მოადგილე სოსო ბურდელაძე, ხოლო კიკვიძის პარკში ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ხუჯაძე და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.