განმეორებითი ვაქცინაცია
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ განმეორებითი ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ქუჩების ბინადარ მიუსაფარ ცხოველებს ჩაუტარა.
ცხოველების ვაქცინაცია მათ მიმკედლებლებთან კოორდინაციით განხორციელდა.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ქუჩის ცხოველების მასობრივ განმეორებით ვაქცინაციას პერიოდულად ახორციელებს.
ანტირაბიული ვაქცინაცია და შემდეგ ყოველწლიური რევაქცინაცია ცოფის მიმართ კატებისა და ძაღლების მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია. აღნიშნული ღონისძიება ვირუსის პრევენციისთვისაც მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, მისი მიზანია მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.
გასულ წელს სააგენტომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ჯამში, 7 400-მდე ცხოველს ჩაუტარა.
სააგენტო მადლობას უხდის ქუჩის ბინადარი ცხოველების მიმკედლებლებს, რომლებიც ვაქცინაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში სააგენტოსთან ინტენსიურად თანამშრომლობენ.
ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ, რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ხდება.
მიუსაფარი ცხოველების ბოლო ვაქცინაციის ზუსტი თარიღის დადგენის მიზნით, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ სააგენტოს ცხელ ხაზზე - 032 2 421 424