სიახლეები
07 მარტი
2022

ვიზიტი გურჯაანის ცხოველთა რეგიონულ თავშესაფარში

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა ქობულაძე, გამოცდილების გაზიარების მიზნით, გურჯაანის ახალაშენებულ ცხოველთა რეგიონულ თავშესაფარს ესტუმრა. ქობულაძემ თავშესაფრის ხელმძღვანელ პირებს სააგენტოს პოლიტიკა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან კოლეგებთან ერთად მუნიციპალიტეტების საერთო გამოწვევები განიხილა და მათი გადაჭრის მექანიზმებზე იმსჯელა.
 
შეხვედრის მონაწილეებმა ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს და მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებზე გაამახვილეს ყურადღება.
 
,,შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების ყველა მუნიციპალიტეტში დარეგულირება, მათ შორის - ცხოველების პოპულაციის მართვა, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს არსებული ვითარების გაუმჯობესებაზე დედაქალაქშიც, რადგან მეტი ეფექტურობისთვის საჭიროა, აღნიშნული საკითხი ქვეყნის მასშტაბით დარეგულირდეს. ამასთან, ახალი კანონპროექტით განსაზღვრული რეგულაციების შემდგომი აღსრულებისათვის, მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტებმა ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ და კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმების დანერგვასა და საკითხის კომპლექსურ გადაწყვეტაზე ვიზრუნოთ”, - აღნიშნა ქობულაძემ.