მიუსაფარ ცხოველთა მსოფლიო დღე
4 აპრილი მიუსაფარ ცხოველთა მსოფლიო დღეა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ეს დღე ბავშვებთან ერთად აღნიშნა.
სააგენტოს წარმომადგენლებმა წმინდა ბარბარეს სახელობის სკოლის მოსწავლეებს საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი ჩაუტარეს და მათთან ერთად ეზოს ბინადარი მიუსაფარი ძაღლები გამოკვებეს.
გაკვეთილს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები კლასის დამრიგებელთან და დირექტორთან ერთად ესწრებოდნენ.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა ცხოველების კეთილდღეობის, სტატუსის, უფლებებისა და უნარ-ჩვევების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, მიუსაფარი ცხოველებისათვის დახმარების აღმოჩენის აუცილებლობაზე იმსჯელეს და პატრონის ვალდებულებებზე გაამახვილეს ყურადღება.
ბავშვებმა ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში სტუმრობის სურვილიც გამოთქვეს და ერთმანეთს საკუთარი ცხოველების შესახებ მაგალითები გაუზიარეს.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს სააგენტოს წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს და მიანიჭეს სტატუსი - "ცხოველების მეგობარი".
საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანი მოზარდებში შინაური ცხოველების მიმართ ემპათიისა და ჰუმანური განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაა.
მიუსაფარ ცხოველთა მსოფლიო დღე 2011 წლიდან აღინიშნება. ამ დღეს ცხოველების მოყვარული ადამიანები და მათი კეთილდღეობისათვის მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებას ემპათიისაკენ მოუწოდებენ, სტერილიზაციის საინფორმაციო კამპანიას ეწევიან და ცხოველების დასაბინავებლად სხვადასხვა ღონისძიებას მართავენ.