სიახლეები
04 მაისი
2022

მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა მეტეხის მიმდებარედ მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს.
 
სააგენტოს განსაცდელში მყოფი ცხოველის შესახებ, ცხელი ხაზის საშუალებით, თვითმხილველმა აცნობა. ოპერატიული რეაგირების ჯგუფი ადგილზე უმოკლეს პერიოდში მივიდა. მაშველები სიმაღლიდან დაეშვნენ და წყლიდან ძაღლი უვნებლად ამოიყვანეს.
 
სამაშველო ეკიპაჟის მიერ გადარჩენილი ძაღლი 2-3 წლის, ძუ სეტერია, რომელიც ჯიშისა და სხვა ვიზუალური მახასიათებლების მიხედვით, მაშველებმა სავარაუდოდ დაკარგულად მიიჩნიეს და პატრონის მოძიების მიზნით, თავშესაფარში გადაიყვანეს.
 
ცხოველი თავს კარგად გრძნობს. ის ათი დღის განმავლობაში პატრონის გამოჩენას თავშესაფარში დაელოდება, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი, მისი გაჩუქების შესახებ განცხადება კვლავ სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნდება.
 
ძაღლის მეპატრონეს ან ჩუქების მსურველებს შეგიძლიათ დარეკოთ თავშესაფარში ნომერზე - 0322 421 171 და განაცხადოთ ცხოველის დაბრუნების ან ჩუქების თაობაზე.