სიახლეები
07 ივლისი
2022

სააგენტომ გლდანის მეხუთე მიკრორაიონის ბინადარ მიუსაფარ ცხოველებს ანტირაბიული ვაქცინაცია ჩაუტარა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გლდანის მეხუთე მიკრორაიონის ბინადარ მიუსაფარ ცხოველებს მასობრივი ანტირაბიული (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია ჩაუტარა.

ანტირაბიული ვაქცინაციის მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა წარმოადგენს.

მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაციას სააგენტო მიმკედლებლებთან კოორდინაციით ახორციელებს, ხოლო პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, თავად უზრუნველყოს ცხოველის ყოველწლიური ვაქცინაცია.

სააგენტო მეპატრონეებს მოუწოდებს, საკუთარ ცხოველებს ანტირაბიული ვაქცინაცია ყოველწლიურად ჩაუტარონ. ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა არა მხოლოდ ცხოველის, არამედ მეპატრონის ჯანმრთელობისათვის.

სააგენტო მადლობას უხდის ქუჩის ბინადარი ცხოველების მიმკედლებლებს, რომლებიც ვაქცინაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში სააგენტოსთან ინტენსიურად თანამშრომლობენ.

ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ხდება.

მიუსაფარი ცხოველების ბოლო ვაქცინაციის ზუსტი თარიღის დადგენის მიზნით, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შეუძლიათ, დაგვიკავშირდეთ სააგენტოს ცხელ ხაზზე - 032 2 421 424