სიახლეები
15 აგვისტო
2022

ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის შესრულების მონიტორინგი

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის მონიტორინგი ამჯერად დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონის
დასაწყისში ახლად მოწყობილ პარკში განახორციელა.
 
სააგენტოს წარმომადგენლებმა მეპატრონეების მხრიდან ცხოველების რეგისტრაციისა და გასეირნების წესების შესრულება გადაამოწმეს, მეპატრონეებს მათი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და შესაბამისი საინფორმაციო ფლაერები გადასცეს.
 
აღნიშნული აქტივობის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა, ცხოველების რეგისტრაციის წახალისება, გარემოს დაბინძურებისა და გასეირნების წესის დარღვევების პრევენცია.
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის მიხედვით, პატრონი ვალდებულია:
 
განახორციელოს ცხოველის რეგისტრაცია;
უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია მიკროჩიპირებით, ტატუირებით ან საჭდით და ყელსაბამით;
იზრუნოს ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობასა და მის კეთილდღეობაზე;
უზრუნველყოს ცხოველის სათანადო კვება და დაწყურვება; ცხოველისთვის საძილე ადგილის გამოყოფა-მოწყობა, დათბუნება და განათება; ცხოველის გასეირნება და სათანადო ფიზიკური აქტივობა; სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნა;
ცხოველის მიერ დაბინძურების შემთხვევაში, უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება;
უზრუნველყოს საკუთრებაში არსებული ნარევი (მეტისი) ჯიშის ცხოველის გამრავლების შესაძლებლობის შეწყვეტა ქირურგიული (სტერილიზაცია/კასტრაცია), ან სხვა, ცხოველისათვის უვნებელი, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული მეთოდით.
 
დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ ან მეთვალყურეობის გარეშე მიტოვება.
 
07:00 საათიდან – 23:00 საათამდე ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი სივრცეებისა, ნებადართულია, მხოლოდ მოკლე საბმელით, ან საბმელით და ალიკაპით, ხოლო მათი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა, ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით.
 
აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების გამართვა.
 
აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომები დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით.
 
ცხოველების მეპატრონეების ვალდებულებების შესახებ იხილეთ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N7-28 - http://ama.gov.ge/.../2._7-28_-_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83...