ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო კომპანიონი ცხოველების მოვლა-პატრონობის მონიტორინგს განაგრძობს. ამჯერად, სააგენტოს ეკიპაჟებმა მეპატრონეების მიერ რეგისტრაციისა და გასეირნების წესების დაცვა სამგორის რაიონში მდებარე პარკებსა და სკვერებში შეამოწმეს.
მონიტორინგი განხორციელდა შემდეგ მისამართებზე:
• ვარკეთილის ცენტრალური პარკი (ვარკეთილის ხევის პარკი)
• რიგის ბაღი
• ვარკეთილი 3, IIIა მიკრორაიონი, N325 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი
• საბა პაპაშვილის სახელობის სკვერი
• ილიკო სუხიშვილის ბაღი
• სასტუმრო "ჰუალინგთან" მდებარე პარკი.
სააგენტოს წარმომადგენლები მეპატრონეებს მათი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის შეახებ ინფორმაციას აწვდიან, მათ შორის, ცხოველების რეგისტრაციისა და გასეირნების წესს განუმარტავენ და შესაბამის საინფორმაციო ფლაერებს გადასცემენ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის მიხედვით, პატრონი ვალდებულია:
განახორციელოს ცხოველის რეგისტრაცია;
უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია მიკროჩიპირებით, ტატუირებით ან საჭდით და ყელსაბამით;
იზრუნოს ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობასა და მის კეთილდღეობაზე;
უზრუნველყოს ცხოველის სათანადო კვება და დაწყურვება; ცხოველისთვის საძილე ადგილის გამოყოფა-მოწყობა, დათბუნება და განათება; ცხოველის გასეირნება და სათანადო ფიზიკური აქტივობა; სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნა;
ცხოველის მიერ დაბინძურების შემთხვევაში, უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება;
უზრუნველყოს საკუთრებაში არსებული ნარევი (მეტისი) ჯიშის ცხოველის გამრავლების შესაძლებლობის შეწყვეტა ქირურგიული (სტერილიზაცია/კასტრაცია), ან სხვა, ცხოველისათვის უვნებელი, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული მეთოდით.
დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ ან მეთვალყურეობის გარეშე მიტოვება.
07:00 საათიდან – 23:00 საათამდე ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი სივრცეებისა, ნებადართულია, მხოლოდ მოკლე საბმელით, ან საბმელით და ალიკაპით, ხოლო მათი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა, ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით.
აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების გამართვა.