სიახლეები
06 მარტი
2023

დაკარგული ცხოველი

დედაქალაქის ტერიტორიაზე ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში, მეპატრონე ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს ცხელი ხაზის საშუალებით 032 2 421 424 და მიაწოდოს ინფორმაცია - ცხოველის მახასიათებლების, მისი დაკარგვის დროის, ადგილისა და სხვა გარემოებების შესახებ.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ!
იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე ძაღლის დაკარგვის შესახებ სააგენტოში დაუყოვნებლივ არ განაცხადებს და შეტყობინების დატოვებამდე ცხოველი მოხვდება მუნიციპალურ თავშესაფარში, პატრონს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი (ცხოველის უმეთვალყურეოდ დატოვების გამო) და ვალდებული იქნება, ცხოველის ტრანსპორტირებისა და ყოველდღიური მოვლა-პატრონობის ხარჯები აანაზღაუროს. იმ შემთხვევაში, თუ ის განაცხადებს ფაქტის შესახებ სააგენტოს ცხელ ხაზზე, ყოველგვარი ჯარიმის საფასურის გადახდისგან თავისუფლდება.

სააგენტო ვალდებულია, რომ სავარაუდოდ, დაკარგული ცხოველის შესახებ შეტყობინების მიღებისას, ცხოველი თავშესაფარში გადაიყვანოს და გაატაროს ქმედითი ღონისძიებები მისი პატრონის მოსაძიებლად. კერძოდ, გამოაქვეყნოს განცხადება და ფოტოსურათი ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში. მეპატრონეს ეძლევა 10-დღიანი ვადა, რომ დაიბრუნოს ცხოველი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, სააგენტო ცდილობს ცხოველისათვის ახალი პატრონის მოძებნას და აქვეყნებს განცხადებას მისი გაჩუქების შესახებ.

ამდენად, ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში, გთხოვთ, პირველ რიგში, სააგენტოს ცხელ ხაზზე განაცხადოთ ფაქტის შესახებ და ამასთან, შეამოწმოთ სააგენტოს სოციალურ ქსელზე ან ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სავარაუდოდ დაკარგულად უნდა ჩაითვალოს ცხოველი, რომლის ჯიშის ან სხვა გარეგანული მახასიათებლები (საყელური და სხვა) მიუთითებენ, რომ მას შესაძლოა ჰყავდეს პატრონი.

ცხოველის დაკარგვა უდიდეს სტრესთან და განსაცდელთან არის დაკავშირებული. ამიტომ, გთხოვთ, ნუ დატოვებთ ცხოველს უმეთვალყურეოდ. ამასთან, გახსოვდეთ, რომ მისი რეგისტრაცია მნიშვნელოვნად ზრდის მისი პოვნის ალბათობას.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას.

არაიდენტიფიცირებული და არარეგისტრირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას.