სიახლეები
24 მარტი
2023

სააგენტოს დირექტორი ქალაქ რუსთავის ცხოველთა მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი ქალაქ რუსთავის ცხოველთა მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და სააგენტოს საქმიანობის ძირითდი მიმართულებები გააცნო.

კობიაშვილმა თავშესაფრის სტრუქტურა და მოწყობის წესი, ასევე, ოპერატიული რეაგირების ეკიპაჟების და ცხელი ხაზის მუშაობის სპეციფიკა განიხილა.

,,მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის, როგორც პოპულაციის მართვის თვალსაზრისით, ასევე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით. ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევების დაძლევა უნდა მოხდეს ყველა მუნიციპალიტეტში კომპლექსურად, სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოცემულობის გათვალისწინებით.

მუნიციპალიტეტებში ადგილობრივად ვითარების მოწესრიგება, როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე ინფორმაციულ და იურიდიულ დონეზე განსაკუთრენით მნიშვნელოვანია ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, რათა ახალი კანონის მიღების შემდეგ, ახალ ფუნქცია-მოვალეობებს მუნიციპალიტეტები მომზადებული შეხვდნენ." - აღნიშნა კობიაშვილმა.