სიახლეები
05 აპრილი
2023

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, მოსახლეობისა და მიუსაფარი ცხოველების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ამავე რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის განმავლობაში განიხილეს რაიონში არსებული პრობლემები და გამოწვევები, ასევე, მოსახლეობისა და ქუჩის ბინადარი ძაღლების კეთილდღეობისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები.

,,ურბანულ გარემოში მცხოვრები სტერილური, ვაქცინირებული და არააგრესიული ძაღლი იცავს უბანს სხვა ძაღლების შემოსვლისგან. ჩვენი და რაიონის მაჟორიტარის მიზანია, ამ მიმართულებით ავამაღლოთ მოსახლეობის ცნობიერება და ხელი შევუწყოთ მოსახლეობისა და ქუჩის ბინადარი ცხოველების მეგობრულ, კეთილგონივრულ გარემოში თანაცხოვრებას. ამავდროულად, ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ, მოსახლეობის უსაფრთხოება ისე, რომ არ დავაზიანოთ კომპანიონი ცხოველები და მათზე მზრუნველი ადამიანები. ეს რა თქმა უნდა არ არის მარტივი პროცესი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით წარიმართოს", - აღნიშნა გიორგი კობიაშვილმა