სიახლეები
30 აპრილი
2023

30 აპრილი თავშესაფრიდან ცხოველის აყვანის დღეა

30 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში თავშესაფრიდან ცხოველის აყვანის დღე აღინიშნება.

გადავწყვიტეთ, შევუერთდეთ ამ ქვეყნების რიგს და ადამიანებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ Მიუსაფარი ცხოველების პრობლემების გადაწყვეტაში მოქალაქეების როლისა და ჩართულობის მნიშვნელობა.

ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ყოველწლიურად რამდენიმე ასეული დაკარგული და ათეულობით პატრონის მიერ ჩაბარებული ცხოველი ხვდება. ესენი არიან ადამიანებთან ერთად ოჯახში ცხოვრებას მიჩვეული ცხოველები, რომელთა ქუჩაში დატოვება მათთვის განსაკუთრებით დიდ სტრესსა და სირთულეებს უკავშირდება.

ოჯახში ახალი წევრის მატებას ხომ ახალი ემოციები, ახალი ურთიერთობები, ცხოვრების სტილის გამჯობესება ახლავს თან, მაგრამ თუ ცხოველს თავშესაფრიდან ან ქუჩიდან აიყვანთ, ეს ამასთანავე დიდი სიკეთეა.
ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ოჯახებისთვის, რომელთაც თავშესაფრიდან ან ქუჩიდან აყვანილი ცხოველი ჰყავთ.

გასულ წელს თავშესაფრიდან 700-ზე მეტი ცხოველი დაბინავდა, ხოლო 2000-მდე მიკედლების სტატუსით გავიდა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური კომპანიონი ცხოველების აყვანის მსურველებს მოგმართავთ თხოვნით, ოჯახის ახალი ოთხფეხა წევრის აყვანამდე გაეცნოთ ცხოველების ყოლასთან დაკავშირებულ სირთულეებს და გაიაზროთ დაკისრებული პასუხისმგებლობის მნიშვნელობა.