ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი თემა მიუსაფარი ცხოველები იყო
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმი „მდგრადი განვითარება - მწვანე, ჭკვიანი, ბიზნესმეგობრული“ ჩატარდა.
„მდგრადი განვითარების“ ფორუმის ერთ-ერთი სესია მიეძღვნა შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებულ საკითხებსა და გამოწვევებს. სესიის მომხსენებლები იყვნენ: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი მანანა მოსიძე, Humane Society International – Europe-ის დირექტორი პანკაჯ კაჯი, ცხოველთა დაცვის საქველმოქმედო ორგანიზაცია Mayhew International-ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების ხელმძღვანელი ქეროლაინ იეთსი, ორგანიზაცია Animal Rescue Sofia-ს ხელმძღვანელი სვეტოსლავ პეტროვი და კომპანია Land O'Lakes Venture37-ის დირექტორის მოადგილე ლაშა ავალიანი.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის გიორგი კობიაშვილის გამოსვლა ეხებოდა ცხოველთა პოპულაციის მართვის პოლიტიკასა და მნიშვნელობას. კობიაშვილმა ისაუბრა მიუსაფარი შინაური ცხოველების აღრიცხვასა და პატრონიანი ცხოველების რეგისტრაციის ბაზის ჩამოყალიბებაზე, ცხოველების მასობრივი სტერილიზაცია/კასტრაციისა და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, ასევე, თავშესაფრის გამტარუნარიანობის გაზრდაზე.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის განცხადებით, ყველა დაგეგმილ ცვლილებასთან ერთად, საჭიროა, სისტემატური ღონისძიებები, რომელიც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
სესის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა მანანა მოსიძემ ისაუბრა შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ ახალ კანონპროექტზე და მის მიზნებზე. ასევე, ცხოველთა დაცვის მხრივ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალის კოდექსებში დაგეგმილ ცვლილებზე. მან ამასთანავე ყურადღება გაამახვილა მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება შინაური ბინადარი ცხოველების მიკვლევადობისთვის.
სესიას ესწრებოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, რეგიონული თავშესაფრების ხელმძღვანელები და ვეტერინარები.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან ჩამოყალიბდა მოწინავე იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად, რომლის ფარგლებშიც ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.
ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის და გაერო-ს განვითარების პროგრამის (EU-UNDP M4EG), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), დანიისა და შვეიცარიის საელჩოების, ასევე კომპანიების- „დუგლაძეების ღვინის კომპანია", ქალაქური“, „სარაჯიშვილი“ მხარდაჭერით.