სიახლეები
05 ივნისი
2023

მაშველებმა კნუტები გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამაშველო ეკიპაჟმა ვარკეთილი 3-ის მეოთხე მიკრორაიონში, ორი სამაშველო ღონიძიება ჩაატარა და ორივე შემთხვევაში კორპუსის სავენტილაციო მილში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინა. 403-ე და 414-ე კორპუსების სხვენიდან, ძველ სავენტილაციო მილებში ჩავარდნილი კნუტების დასახმარებლად სააგენტოს ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართა.


 ერთ შემთხვევაში, ფისოს გამოსაყვანად კედლის გამონგრევა გახდა საჭირო, ხოლო მეორე კნუტი, მაშველებმა სხვენიდან ჩაშვებული თოკებით დაახლოებით 10-12 მეტრის სიღრმიდან ამოიყვანეს.


 ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოგმართავთ თხოვნით, აღნიშნული შემთხვევების პრევენციისათვის, საჰაერო მილები დალუქეთ მეტალის ბადეებით, ან სხვა საშუალებით, ვინაიდან, სხვენიდან ღია მილებში კატებისა და კნუტების ჩავარდნის ფაქტები საკმაოდ ხშირია!

 ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.