სიახლეები
27 ივლისი
2023

ცხოველებთან დაკავშირებით ინტერმუნიციპალური შეხვედრა გაიმართა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის ჩართულობით, შინაურ ცხოველებთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
 
შეხვედრის მონაწილეები ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები გახლდათ.
 
შეხვედრაზე ქვეყნის მასშტაბით მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის მიმართულებით არსებული გამოწვევები, მიზნები და ამოცანები, ასევე, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები და ცხოველთა იდენტიფიკაცია-მიკვლევადობის ეროვნული სისტემა განიხილეს.
 
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია ქვეყანაში მუნიციპალიტეტებისა და სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობითა და კომპლექსური ღონისძიებების ჩატარებით, როგორც მოსახლეობის, ისე ცხოველების კეთილდღეობის გაუმჯობესება.