დასავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნების მეოთხე რეგიონული სამუშაო შეხვედრები გაიმართა
თბილისში ძაღლების პოპულაციის მართვის თემაზე ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WOAH) და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით დასავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნების მეოთხე რეგიონული სამუშაო შეხვედრები გამართა.
სამუშაო შეხვედრაზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა სააგენტოს საქმიანობაზე, ასევე, მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა. კობიაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარების საჭიროებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრებს საქართველოს, ინგლისის, იტალიის, ხორვატიის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და აზერბაიჯანის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, ასევე, Mayhew-ს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წევრები დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
მომხსენებლებმა ერთმანეთს ცხოველების პოპულაციის მართვასა და ცოფის ვირუსის პრევენციის მიმართულებით თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს და ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტების გაუმჯობესებაზე იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრის ფორმატში მონაწილეებმა მუნიციპალური თავშესაფარი მოინახულეს და მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს გაეცნენ.
დასავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნების მეოთხე რეგიონული სამუშაო შეხვედრები ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ ტარდება და მისი მიზანია დაეხმაროს ქვეყნებს 2030 წლისათვის ძაღლების პოპულაციის მენეჯმენტში WOAH სტანდარტის დანერგვაში.
სამუშაო შეხვედრები, რომლის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს მთავრობა და ევროკავშირი, სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.