სიახლეები
29 სექტემბერი
2023

ცოფის ვირუსთან ბრძოლის დღეს, სააგენტომ შინაური ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაცია ჩაატარა

28 სექტემბერს, ცოფის ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შინაური ცხოველების ანტირაბიული (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია დედაქალაქის მასშტაბით ოთხ მისამართზე ჩაატარა.

ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, თავიანთი ოთხფეხა მეგობრები ვარკეთილის ხევის პარკში, მეტროსადგურ ,,რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ბუკიას ბაღსა და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში უფასოდ აეცრათ.

ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ტარდება.

ანტირაბიული ვაქცინაცია და შემდეგ ყოველწლიური რევაქცინაცია, როგორც ძაღლებისა და კატებისათვის ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისათვის, ასევე, ვირუსის პრევენციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მის მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა წარმოადგენს.