სიახლეები
26 იანვარი
2024

სააგენტოს ეკიპაჟმა გასული ღამის განმავლობაში 4 სამაშველო ოპერაცია ჩაატარა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ერთმა ეკიპაჟმა გასული ღამის განმავლობაში 4 სამაშველო ოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგად, 3 კატა და 1 ძაღლი გადაარჩინა.

• ეკიპაჟმა გერგეთის ქუჩაზე დაახლოებით 15 მეტრის ხიდან კატა ჩამოიყვანა და პატრონთან დააბრუნა.

• დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონში კერძო ტერიტორიაზე დაახლოებით 6 მეტრი სიღრმის ჭიდან ძაღლი ამოიყვანა.

• გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე, ამწე კალათის დახმარებით, საცხოვრებელი კორპუსის აივანზე გაჭედილი კატა უვნებლად ჩამოიყვანა და შემფარებელთან დააბრუნა.

• ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე მეათე სართულიდან გადმოვარდნილი კატა, რომელიც, საბედნიეროდ, ამავე შენობის გარე ფასადზე დაეცა, უსაფრთხოდ ჩამოიყვანა და პატრონს ჩააბარა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.