DOG TRUST-ის ექსპერტის ვიზიტი გრძელდება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მოწვევით დედაქალაქში საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია DOG TRUST-ის ექსპერტი ჯენა კიდი იმყოფებოდა. ვიზიტი 4 დღეს გაგრძელდა და ამ პერიოდის განმავლობაში ბრიტანელმა ექსპერტმა სააგენტოს ხელმძღვანელ პირებსა და ეკიპაჟების წევრებთან ერთად, სხვადასხვა სახის აქტივობა და ღონისძიება განახორციელა.
შეხვედრის პირველ დღეს ექსპერტმა თავშესაფარი დაათვალიერა, მიმდინარე პროცესებს გაეცნო და თანამშრომლების მუშაობას დააკვირდა, რომლის საფუძველზეც, ის მდგომარეობას შეაფასებს და შემდგომში, როგორც ზოგადი, ასევე, კონკრეტული მიმართულებებით, რეკომენდაციებს გასცემს.
გარდა ამისა, ჯენა კიდი სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფებთან ერთად, სხვადასხვა მისამართზე გადაადგილდებოდა და მათ მიერ განხორციელებულ რეაგირების ღონისძისძიებებს აკვირდებოდა. აღნიშნული აქტივობების მიზანს ცხოველების დაჭერის ტექნიკისა და ზოგადად, სპეციალისტების საქმიანობის გაუმჯობესება წარმოადგენს.
ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია DOG TRUST-ის ექსპერტმა, სპეციალური ტრენინგები გამართა, რომლის ფარგლებშიც, კინოლოგებსა და სპეციალისტ მაშველებს ძაღლების ქცევისა და მათთან მოპყრობის ტექნიკებთან დაკავშირებით, თანამედროვე მიდგომები გაუზიარა. ასევე, ძაღლის სხეულის ენისა და ემოციური სიგნალების შესახებ ინტერაქციული პრეზენტაცია ჩაატარა.
მეორე ვიზიტის ფარგლებში, ჯენა კიდი უკვე მომზადებული რეკომენდაციებით, სპეციალური პროგრამითა და აღჭურვილობით ჩამოვა. აღნიშნული თანამშრომლობის მიზანს შინაური ცხოველების კეთილდღეობის, ასევე, ადამიანებისა და ცხოველების უსაფრთხოების ხარისხის ამაღლება წარმოადგენს.