დიდუბის რაიონში საინფორმაციო დაფები განთავსდა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დიდუბის რაიონში, ადგილობრივი გამგეობის ჩართულობით, ძაღლების გასეირნების წესებისა და მეპატრონეების ვალდებულებების შესახებ საინფორმაციო დაფები განათავსა.
ამის პარალელურად, სააგენტოს ეკიპაჟები ცხოველების მეპატრონეებს მათი პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან და როგორც ძაღლების გასეირნების წესების დაცვას, ასევე, რეგისტრაციის ვალდებულების შესრულებას დედაქალაქის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში ამოწმებენ.
აღნიშნული აქტივობის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, გასეირნების წესების დარღვევებისა და გარემოს დაბინძურების პრევენცია, ცხოველების რეგისტრაციის წახალისება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მიმდინარე წლის 5 ივლისს შესული ცვლილებების მიხედვით:
„ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის ბულვარში, პარკში ან სკვერში, გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“
მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ მოქალაქეების დროული ინფორმირება, რასაც სააგენტო საინფორმაციო ღონისძიებებით ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს.
ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის მიხედვით, პატრონი ვალდებულია:
ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი დასუფთავება;
განახორციელოს ცხოველის რეგისტრაცია;
უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია მიკროჩიპირებით, ტატუირებით ან საჭდით და ყელსაბამით;
იზრუნოს ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობასა და მის კეთილდღეობაზე;
უზრუნველყოს ცხოველის სათანადო კვება და დაწყურვება; ცხოველისთვის საძილე ადგილის გამოყოფა-მოწყობა, დათბუნება და განათება; ცხოველის გასეირნება და სათანადო ფიზიკური აქტივობა; სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნა;
უზრუნველყოს საკუთრებაში არსებული ნარევი (მეტისი) ჯიშის ცხოველის გამრავლების შესაძლებლობის შეწყვეტა ქირურგიული (სტერილიზაცია/კასტრაცია), ან სხვა, ცხოველისათვის უვნებელი, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული მეთოდით.
დაუშვებელია ცხოველის უპატრონოდ ან მეთვალყურეობის გარეშე მიტოვება.
აკრძალულია ცხოველთა ბრძოლების გამართვა!
აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომები დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით.
ცხოველების მეპატრონეების ვალდებულებების შესახებ იხილეთ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N7-28