ცოფის ვირუსთან ბრძოლის დღეს სააგენტომ შინაური ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაცია ჩაატარა
დღეს, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შინაური ცხოველების ანტირაბიული (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) უფასო ვაქცინაცია დედაქალაქის მასშტაბით ოთხ მისამართზე ჩაატარა.
ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, თავიანთი ოთხფეხა მეგობრები გიორგი აბაშვილის ქუჩაზე მდებარე პარკში, რიყის პარკში, დედაენის ბაღსა და მირიან მეფის N39-თან მდებარე პარკში უფასოდ აეცრათ.
ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით მოხდა.
ანტირაბიული ვაქცინაცია და შემდეგ ყოველწლიური რევაქცინაცია, როგორც ძაღლებისა და კატებისათვის ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისათვის, ასევე, ვირუსის პრევენციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მის მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა წარმოადგენს.
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მხარდაჭერით 2007 წელს დაწესდა, რომელსაც საქართველო 2013 წლიდან შეუერთდა.
წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია - გადავლახოთ ბარიერი ცოფთან ბრძოლაში!
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაციას დედაქალაქის მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, თავად უზრუნველყოს ცხოველის ყოველწლიური აცრის ჩატარება.