სააგენტოს მიერ ჩატარებული სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა
მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ ჩატარებული სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2023 წელს სააგენტომ ოქტომბრის თვის ჩათვლით - 5 451, ხოლო, მიმდინარე წლის ამავე პერიოდში - 7 200-მდე ოპერაცია ჩაატარა.
ოპერაციების რაოდენობა გაიზარდა თავშესაფარში, რასაც ემატება სააგენტოს მობილურ ვეტკლინიკაში ჩატარებული და ასევე, კერძო კლინიკებში, სააგენტოსთან კოლაბორაციული პროექტების ფარგლებში ჩატარებული ოპერაციები.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სააგენტო პატრონიანი ცხოველების სტერილიზაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ასევე ატარებს არაერთ ღონისძიებას და მეპატრონეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ახორციელებს სოციალურ კამპანიებს.
უნდა გვახსოვდეს, რომ სტერილიზაცია უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობოს ჰუმანური გზით შემცირებისათვის და ასევე, სასარგებლოა თავად ცხოველის ჯანმრთელობისთვის, რადგან:
• პოზიტიურად ცვლის ცხოველის ქცევას - მცირდება აგრესია და ტერიტორიის მონიშვნის სურვილი;
• მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნური და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების რისკს;
• დაახლოებით, 3-5 წლით ზრდის ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობას;
• ძაღლი შეჯვარების მიზნით აღარ დატოვებს სახლს, რაც შეამცირებს თქვენი ცხოველის დაკარგვის რისკს;
• დაგიზოგავთ თანხას - ბევრად უფრო ეფექტიანია ცხოველის სტერილიზაცია, ვიდრე არასასურველი მაკეობის თავიდან არიდება;
• ჰუმანური გზით შემცირდება ქუჩის ცხოველების რაოდენობა.
შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, უზრუნველყოს საკუთრებაში მყოფი შერეული (მეტისი) ჯიშის ცხოველის გამრავლების შესასაძლებლობის შეწყვეტა.