სააგენტოს მიერ ჩატარებული ანტირაბიული ვაქცინაციების რიცხვი გაიზარდა
მიმდინარე წლის 3 კვარტლის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სააგენტოს მიერ ჩატარებული მიუსაფარი ცხოველების ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაციების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
სააგენტომ 2023 წელს, სექტემბრის თვის ჩათვლით - 5 645, ხოლო, მიმდინარე წლის ამავე პერიოდში - 8 900-მდე ვაქცინაცია ჩაატარა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტო ინტენსიურად თანამშრომლობს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და მასთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს მიუსაფარი ცხოველების მასობრივ ვაქცინაციას. სააგენტო ცოფის ვირუსის პრევენციის მიზნით, ასევე მუშაობს ცოფის კონტროლის გლობალურ ალიანსთან ერთად.
მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაციას სახელმწიფო ახორციელებს, ხოლო პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, თავად უზრუნველყოს ცხოველისთვის ყოველწლიური აცრის ჩატარება და ამით დაიცვას საზოგადოებისა და ცხოველების ჯანმრთელობა.