მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლები ეპიდემიოლოგიის პროგრამას გადიან
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლები ერთიანი ჯანმრთელობის საველე ეპიდემიოლოგიის სამთვიან პროგრამას გადიან.
პროგრამა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, გლობალური ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები, დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით, მათი კვლევისა და მართვის ტექნიკებს შეისწავლიან.
სწავლება, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს ზოონოზური დაავადებების, მათ შორის ცოფის შემთხვევების, ანალიზს, გამომწვევი მიზეზების მოკვლევასა და ეპიდ ზედამხედველობას.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოადგილის ზვიად ასანიშვილის თქმით, დაავადებების დაფიქსირებისას ძალიან მნიშვნელოვანია, არსებული მდგომარეობის ეპიდემიოლოგიური მოკვლევა და შეფასება სწორად განხორციელდეს, რათა ამის შესაბამისად დაიგეგმოს და ეფექტურად გატარდეს კვალიფიციური ღონისძიებები.
"დაავადებების მართვისა და ეპიზოოტიური აფეთქების თავიდან არიდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების გატარება“, - განაცხადა მან.
პროგრამა გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოფლის მეურნეობის, კერძოდ, ვეტერინარიის დარგის სპეციალისტებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვე გამოყენებითი ეპიდემიოლოგიის პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და ანალიტიკური აზროვნების გაუმჯობესებას დარგის სპეციალისტებში. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ჯანდაცვის, ვეტერინარულ, ლაბორატორიულ და სურსათის უვნებლობის სახელმწიფო სექტორებში დასაქმებული სპეციალისტების, მათ შორის, ცხოველთა თავშესაფარში მომუშავე პერსონალის, ეპიდემიოლოგიის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლებას.