სააგენტოს და „მეიჰიუ საქართველოს" კოლაბორაციული პროექტი გრძელდება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს და „მეიჰიუ საქართველოს” კოლაბორაციული პროექტი გრძელდება, რომლის ფარგლებშიც მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაცია ერთობლივად, დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად ხორცილედება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკვე გასტერილდა 252 ცხოველი.
ამჟამად, პროგრამა კონცენტრირებული იქნება დიდი დიღმისა და გლდანის რაიონის ტერიტორიებზე, სადაც ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაცია და კასტრაცია.
პროექტის ფარგლებში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟსა და "მეიჰიუ საქართველოს" წარმომადგენლებს კონკრეტული ტერიტორიიდან მიუსაფარი ძაღლები ორგანიზაციის საქველმოქმედო კლინიკაში სტერილიზაცია/კასტრაციის მიზნით გადაჰყავთ, სადაც მათ ასევე უმოწმებენ ჯანმრთელობის მდგომარეობას, უტარებენ ვაქცინაციას, ამუშავებენ პარაზიტებზე და თავიანთ საცხოვრებელ არეალში დაბრუნებამდე, ყურზე საჭდის დამაგრებით ახდენენ მათ იდენტიფიკაციას.
დღეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა და ,,მეიჰიუ საქართველოს“ წარმომადგენლებმა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების შეთანხმების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
აღნიშნული პროგრამა 2023 წლის ნოემბერში დაიწყო და მისი მიზანია დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის კოლაბორაციული მენეჯმენტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტერიტორიიდან სააგენტოს ეკიპაჟების მიერ არაიდენტიფიცირებული ძაღლების „მეიჰიუ საქართველოს“ კლინიკაში სტერილიზაცია/კასტრაციისა და იდენტიფიცირების მიზნით გადაყვანას, ხოლო შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ, თავიანთი ბინადრობის არეალში დაბრუნებას.
სტერილიზაციის გარდა, ექიმი-ვეტერინარები ასევე ამოწმებენ ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობას და უტარებენ ვაქცინაციას.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო კიდევ ერთხელ მადლობას უხდის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო პირებს საქველმოქმედო საქმიანობისთვის. ქუჩის ბინადარი ცხოველების პოპულაციების მართვაში მათი მოხალისეობრივი ჩართულობა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს დედაქალაქში ჰუმანური გზით მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირებაზე და ცხოველების კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესებაზე.