სააგენტოს ექიმმა-ვეტერინარებმა შინაურ ცხოველებს სხვადასხვა სახის მომსახურება გაუწიეს.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ექიმმა-ვეტერინარებმა გლდანის ა მიკრორაიონში, N55-58 კორპუსებთან მდებარე სკვერში, შინაურ ცხოველებს სხვადასხვა სახის მომსახურება გაუწიეს.
მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველ მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე მიეღოთ შემდეგი მომსახურებები:
ექიმი-ვეტერინარის უფასო კონსულტაცია;
იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;
ანტირაბიული და კომპლექსური ვაქცინაცია.
სააგენტოს თანამშრომლებმა მოქალაქეებს ასევე გაუზიარეს ინფორმაცია პატრონის პასუხისმგებლობის, მათ შორის, რეგისტრაციისა და სტერილიზაციის ვალდებულებების შესახებ.
პროექტის მიზანია, ცხოველებზე მზრუნველი ადამიანებისათვის ვეტერინართან კონსულტაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, საჭირო და პრობლემატურ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და გამოცდილების გაზიარება.
ცხოველების პატრონების საყურადღებოდ: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ვალდებული ხართ მოახდინოთ თქვენი ცხოველების იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია.
არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას!
ასევე, კანონმდებლობის მიხედვით, შერეული ჯიშის (მეტისი) ცხოველის ყოლის შემთხვევაში, მეპატრონე ვალდებულია, უზრუნველყოს მისი სტერილიზაცია/კასტრაცია.