საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტების ტრენინგები გაიმართა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სპეციალური მოწვევით საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების - Dogs Trust და Humane Innovations ექსპერტები სააგენტოს თანამშრომლებისათვის თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს მართავენ.
ჯონ პაველერი, ორგანიზაცია Humane Innovations (აშშ) - ის მთავარი კონსულტანტი და ჯენა ქიდი, ორგანიზაცია Dogs Trust (დიდი ბრიტანეთი) - ის ძაღლების ქცევის მიმართულების ხელმძღვანელი სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფებსა და თავშესაფრის კინოლოგებს 5 დღის განმავლობაში სხვადასხვა ხასიათის სწავლებას ჩაუტარებენ.
ტრენინგის პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე პრაქტიკულ წვრთნებს. სააგენტოს თანამშრომლები იღრმავებენ ცოდნას შემდეგი მიმართულებებით: ძაღლების ჰუმანური გზით აყვანის მეთოდები, ცხოველთა ფსიქოლოგია და სხეულის ენა, უსაფრთხოების წესები, ცხოველთა დაავადებების ნიშნების ამოცნობა, მიუსაფარი ძაღლების ქცევის თავისებურებები, მათთან მოპყრობის ტექნიკები და სხვა.
ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტებმა დაათვალიერეს პოპულაციის მართვის ახალი ცენტრი, გაეცნენ ადგილზე მიმდინარე პროცესებს, დააკვირდნენ სამუშაო გარემოს და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა პროცედურაში.
პრაქტიკული უნარების გაძლიერების მიზნით, ტრენერები სააგენტოს სამაშველო ჯგუფებთან ერთად გადიან გამოძახებებზე და ერთობლივად ახორციელებენ დავალებებს.
Humane Innovations და Dogs Trust მსოფლიოში ცნობილი ორგანიზაციებია, რომლებიც ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით ასობით საერთაშორისო პროექტს ახორციელებენ.