ღია კარის დღე თავშესაფარში
გაატარეთ ერთი სამუშაო დღე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში და მიიღეთ მონაწილეობა მიმდინარე პროცესებში.
ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი 24 მაისს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, მოხალისეებისათვის ღია კარის დღეს გამართავს, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ მოქალაქეებს საშუალება გექნებათ:
ეწვიოთ თავშესაფარს, დააკვირდეთ პროცესებს და მიიღოთ დეტალური ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხებზე;
სურვილის შემთხვევაში, როგორც მოხალისეები, ჩაერთოთ თავშესაფრის ყოველდღიურ საქმიანობაში;
გაიცნოთ და გაასეირნოთ თავშესაფრის ბინადარი ცხოველები;
აიყვანოთ ოთხფეხა მეგობარი თავშესაფრიდან, სადაც, სამწუხაროდ, არაერთი მიტოვებული ცხოველი ახალი პატრონის გამოჩენას ელოდება.
ადამიანებთნ ურთიერთობა თავშესაფარში მყოფი ცხოველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია!
მობრძანდით, გაატარეთ ერთი დღე თავშესაფარში და ჩაერთეთ მოხალისეობრივად თავშესაფრის ყოველდღიურ საქმიანობაში.
მიუსაფარი ცხოველების მდგომარეობა ჩვენი, ადამიანების დაუდევრობით გამოწვეული მოცემულობაა და ახლა ჩვენი ვალია, ავიღოთ პასუხისმგებლობა, ვიზრუნოთ, ერთი მხრივ, მათთვის ყოველდღიური მძიმე პირობების შემსუბუქებაზე და მეორე მხრივ, არ შევუწყოთ ხელი უკვე არსებული პოპულაციის გამრავლებას.
ამისათვის მნიშვნელოვანია:
დაარეგისტრიროთ და გაასტერილოთ თქვენი ცხოველები;
არ მიატოვოთ სიბერის ან სხვადასხვა პრობლემის გამო;
არ დატოვოთ ქუჩაში თქვენი ცხოველების ლეკვები და კნუტები;
ცხოველის აყვანის მსურველებმა, მხოლოდ გაცნობიერებული გადაწყვეტილების საფუძველზე, აიყვანოთ ის ქუჩიდან ან თავშესაფრიდან.