სიახლეები
21 მაისი
2025

საერთაშორისო ექსპერტების ვიზიტი თბილისში დასრულდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, თბილისში სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო ორგანიზაციების - Dogs Trust და Humane Innovations წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომელთაც სააგენტოს თანმშრომლებს სხვადასხვა მიმართულებით თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.

საერთაშორისო ექსპერტების - ჯონ პაველერის (მთავარი კონსულტანტი ამერიკული ორგანიზაციიდან Humane Innovations) და ჯენა ქიდის (ძაღლების ქცევის მიმართულების ხელმძღვანელი ბრიტანული ორგანიზაციიდან Dogs Trust) მონაწილეობით დაგეგმილი ღონისძიებები 5 დღეს გაგრძელდა.

ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა მრავალმხრივი ტრენინგი, რომელიც მოიცავდა როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე, პრაქტიკულ წვრთნას. მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:

• ძაღლების ჰუმანური გზით აყვანა და უსაფრთხოების პროტოკოლები;
• ცხოველთა ქცევითი თავისებურებები, ფსიქოლოგია და სხეულის ენა;
• დაავადებების ამოცნობა ვიზუალური ნიშნებით;
• მიუსაფარი ძაღლების ქცევითი თავისებურებები ვოლიერში და შესაბამისი სტრატეგიები;
• ცხოველების სტრესის შემცირება და კეთილდღეობის ზრდა თავშესაფარში.

ტრენერებმა, სააგენტოს სამაშველო ჯგუფებთან ერთად, მიმდინარე გამოძახებებშიც მიიღეს მონაწილეობა და ერთად შეასრულეს სხვადასხვა სახის დავალება. ასევე, მონაწილეობა მიიღეს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ყოველდღიურ პროცესებში და სააგენტოს როგორც ზოგადი, ისე კონკრეტული რეკომენდაციები გაუზიარეს.

Humane Innovations და Dogs Trust მსოფლიოში ცნობილი ორგანიზაციებია, რომლებიც ცხოველთა კეთილდღეობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ასობით საერთაშორისო პროექტს ახორციელებენ, მათთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესებისა და დახვეწის მიმართულებით.