დაბინავებული ცხოველების მონიტორინგი
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ თავშესაფრიდან სხვადასხვა პერიოდში გაჩუქებული ცხოველების მონიტორინგი განახორციელა.
მონიტორინგის ჯგუფმა ცხოველების მოვლა-პატრონობისა და საცხოვრებელი პირობები შეამოწმა, რასაც სააგენტო მომავალშიც სისტემატიურად განახორციელებს.
გამოქვეყნებულია მხოლოდ იმ ცხოველების ფოტოები, რომელთა მეპატრონეებმაც გადაღებაზე თანხმობა განაცხადეს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის მიხედვით, ცხოველის პატრონი ვალდებულია იზრუნოს ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა-პატრონობასა და მის კეთილდღეობაზე, მათ შორის, უზრუნველყოს :
ცხოველის სათანადო კვება და დაწყურება;
ცხოველისთვის საძილე ადგილის გამოყოფა-მოწყობა, დათბუნება და განათება;
ცხოველის გასეირნება და სათანადო ფიზიკური აქტივობა;
სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნა.
აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომები დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით.