სიახლეები
19 სექტემბერი
2025

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო “მეიჰიუ საქართველოს” მიერ ჩატარებულ კვლევას გაეცნო

დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობრივი კვლევა, 2023 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ ჩატარდა. პროექტი განხორციელდა დიდი ბრიტანეთის The Mayhew Home - ის შვილობილი კომპანიის ააიპ “მეიჰიუ საქართველოს” მიერ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მხარდაჭერით.

კვლევის შედეგებისა და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხილვისათვის, „მეიჰიუ საქართველოს“ წარმომადგენლებს სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ არაგველმა უმასპინძლა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ყოველწლიურად ზრდის სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობას. მაგალითისთვის, სააგენტომ 2023 წელს 6500-ზე მეტი, ხოლო 2024 წელს 8600-ზე მეტი ოპერაცია ჩაატარა. 2025 წლის ბოლოს, არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, შედეგი კიდევ უფრო მაღალი იქნება. შედეგად, არსებული მდგომარეობით, დედაქალაქში არასტერილური მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია ბოლო ორი წლის განმავლობაში.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად სააგენტოს გაზრდილი ძალისხმევისა, პრობლემას წარმოადგენს ქუჩის ცხოველების სიმრავლის რამდენიმე ძირითადი წყარო. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია პატრონიანი არარეგისტრირებული ცხოველების ქუჩაში მიტოვების ტენდენცია, რაც აღნიშნული პრობლემის ძირითადი მიზეზია.
სწორედ ამიტომ, სააგენტომ გაააქტიურა ისეთი მნიშვენლოვანი პროექტები, როგორებიცაა : პროგრამა ,,კარდაკარ“, პატრონიანი ცხოველების სხვადასხვა სახის მონიტორინგი, რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის ხელშემწყობი ღონისძიებები და სხვა. ასევე, 2026 წლიდან ეტაპობრივად ძალაში შევა ,,საქართველოს კანონი შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ“, რომლიც ცხოველთა პოპულაციის მართვის საკითხს მნიშვნელოვნად დაარეგულირებს.