სტერილიზაციის პროგრამა მხოლოდ მიუსაფარ ცხოველებზე არ ვრცელდება
ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში სტერილიზაციის პროგრამა მხოლოდ მიუსაფარ ცხოველებზე არ ვრცელდება. ამ მნიშვნელოვანი სერვისით სარგებლობენ ასევე შინაური ცხოველების მეპატრონეები და სხვადასხვა ორგანიზაცია, რომლებიც საკუთარი ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობას სწორედ თავშესაფრის პროფესიონალ და გამოცდილ ვეტერინართა გუნდს ანდობენ.
სტერილიზაციის მიზნით, თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრიდან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ექვსი ძაღლი შემოიყვანეს. ჩვენი მზრუნველი ვეტერინარები მზად არიან, მათ სათანადო და ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ.
შეგახსენებთ, რომ სტერილიზაცია-კასტრაცია ცხოველებზე ზრუნვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ემსახურება. ის პოზიტიურად ცვლის ცხოველის ქცევას: მცირდება აგრესია და ტერიტორიის მონიშვნის სურვილი; მნიშვნელოვნად მცირდება სიმსივნური და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების რისკი და დაახლოებით, 3-5 წლით იზრდება ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობა.
1990 წელს საერთაშორისო ორგანიზაციებმა - “World Health Organisation” და “World Animal Protection” გამოაქვეყნეს ანგარიში, რომლის მიხედვითაც მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის ყველაზე ეფექტურ მეთოდად აღიარებული სწორედ სტერილიზაცია/კასტრაციის პროგრამაა, სადაც აქცენტი გასტერილებული პოპულაციის შექმნაზე კეთდება, რაც მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის ჰუმანური მეთოდით შემცირების ერთადერთი გზაა.