მთიანეთიდან მიუსაფარი ძაღლები გადმოიყვანეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს პოპულაციის მართვის ცენტრში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით, მთიანეთიდან მიუსაფარი ძაღლები გადმოიყვანა. მათ შესაბამისი სამედიცინო პროცედურები და ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია მთავრობის განკარგულების საფუძველზე ჩაუტარდათ, რაც მომავალშიც გაგრძელდება.
პროექტის მიზანია მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველყოფა, ასევე, ქუჩებში მათი რაოდენობის ჰუმანური გზით, ეტაპობრივად შემცირება. ამ მიმართულებით, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის დაწყება მნიშვნელოვანია.
სტერილიზაცია-კასტრაცია მსოფლიოში აპრობირებული ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური და ეფექტური მეთოდია, რომელიც მიუსაფარი ცხოველების ჭარბი პოპულაციის მართვას, მათი ჯანმრთელობის დაცვასა და ადამიანებისა და ცხოველებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება.