სააგენტომ საინფორმაციო დაფები განათავსა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, დიდუბის რაიონის გამგეობის ჩართულობით, რაიონში ძაღლების გასეირნებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მათი გადაადგილების წესების საინფორმაციო დაფები განათავსა.
აღნიშნული აქტივობის მიზანია, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობისა და შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა.
სააგენტოს ეკიპაჟები ყოველდღიურად ახორციელებენ მონიტორინგს და ამოწმებენ შინაური ცხოველების რეგისტრაციისა და გასეირნების წესების აღსრულებას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103² მუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის ბულვარში, პარკსა და სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე გასეირნება 150 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.
ამავე ნორმის თანახმად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შინაურ ცხოველთან ერთად მგზავრობა დაუშვებელია საბლის ან ალიკაპის გარეშე, ხოლო კატისა და მცირე ზომის ძაღლის გადაყვანა დასაშვებია ხელში აყვანით ან სპეციალური სატარებელი კონტეინერის გამოყენებით.
აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, 150-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.